„შედეგები გაყალბებულია, გადათვალე!“ „ნამეტანი მოგივიდათ“, – ამ ლოზუნგებით სამოქალაქო აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს სიმბოლური საჩუქრები – მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მოუტანეს.
სამოქალაქო აქტივისტის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები აღნიშნული პერფორმანსით თამარ ჟვანიას „აჯილდოვებენ“.
„როგორც იცით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნისო. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ თამარ ჟვანიას „დაჯილდოება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის. ეს არის დაჯილდოების ცერემონია. მოქალაქეებს თამარ ჟვანიასთან მოგვაქვს ის საჩუქრები, რომლებსაც ვთვლით, რომ იმსახურებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ დავდგეთ ერთად და ერთად გავაპროტესტოთ გაყალბებული არჩევნები და წართმეული ხმები“, – განაცხადა ნოდარ რუხაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას „ჯილდო ეკუთვნის” იმ შეურაცხყოფის მოთმენისთვის, რაც არჩევნების პერიოდში მისი მისამართით ისმის და ისმოდა.