თბილისში, გვიან ღამით, საოლქო საარჩევნო კომისიებთან აქციებზე 12 პირი დააკავეს, მათგან 5 გაათავისუფლეს, 7 დროებით იზოლატორშია

436

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ნოემებრს გვიან ღამით, თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობების მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში სამართალდამცველების მიერ 12 პირი დააკავეს .

შსს-ს ცნობით, საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის  ორი მუხლით, მათ შორის: 166-ე მუხლით, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. დანაშაული 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ასევე, 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ისჯება 500-დან 4000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

როგორც უწყებაში განაცხადეს, 12 დაკავებულიდან 5 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 7 პირი კი ადმინისტრაციულ პატიმრობაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

შეგახსენებთ, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.