პოლიციამ კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილის, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ბ.ო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.