TI: 2 დოკუმენტზე ერთი და იმავე პირის განსხვავებული ხელმოწერაა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს

376

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გლდანის ოლქის N08.10.99 უბნის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმს გაასაჩივრებს.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ უბანზე მისულ ამომრჩეველს, პარტიების მიერ მიღებულ ხმებსა და ბათილ ბიულეტენებს შორის დისბალანსი იყო 63 ხმა.

ასევე, TI-ის განცხადებით, ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმსა და იმავე უბნის შესწორების ოქმში კომისიის ერთი და იმავე წევრის 2 ხელმოწერას შორის აშკარა განსხვავება იყო.

“მიგვაჩნია, რომ ერთი და იმავე პირის მიერ ორ დოკუმენტზე განსხვავებული ხელმოწერების საკითხით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო და ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდეს, ხომ არ არის ხელმოწერები გაყალბებული”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საარჩევნო ოქმებში დისბალანსზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ლაპარაკობენ. სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 117 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, ოქმებში დისბალანსის და ხმების დათვლის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო.