“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად 7 ნოემბერს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
“ყველას ვეუბნები: თვალის დახუჭვა იმაზე, რაც მოხდა, არის უზნეობა! არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ფეიკ-ოქმებს ავრცელებენო, აქაც ორგანიზებულ კამპანიას რომ ეწევით, რა ფეიკი, მთელი თქვენი არჩევნები ფეიკია. ცესკოს საიტზე დევს ეს ოქმები, ცესკოც ფეიკია ამ ლოგიკით. 7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე პატრიოტები ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე! არ მოხდება ამ გაყალბებული არჩევნების აღიარება. ყველა გამყალბებელი დაისჯება. ეს მხოლოდ დასაწყისია”, – წერს ირმა ინაშვილი.
ინაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერი, ირაკლი კობახიძე მათ წინააღმდეგ “მგზნებარე კოორდიანტორებს რაზმავს”. მისი თქმით, ის ავრცელებს მესიჯებს, რომ თითქოს “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გასულ დღეებში დააანონსა 8 ნოემბრის აქცია – ისინი მხარდამჭერებს 15:00 საათზე პარლამენტთან ელოდებიან. ოპოზიციის ლიდერებმა დღეს, 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე ყველა მათგანი უარს იტყვის.