მის ნაცვლად ქმარმა დაპოსტა, დედამთილმა გააზიარა – რა დაადგინეს საარჩევნო ადმინისტრაციებმა საჯარო მოხელეთა დარღვევებზე

4344

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

მაშინ, როცა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ეუთო, ევროკავშირი, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები და საელჩოები ცალსახად აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი, ფაქტობრივად, მოშლილი იყო, საარჩევნო ადმინისტრაციები ყოვლად წარმოუდგენელ გადაწყვეტილებებს იღებენ.

როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთ განსაკუთრებულ პრობლემას კვლავ წარმოადგენდა ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა კანონდარღვევით ჩაბმა მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პრობლემის შესახებ საკუთარ ანგარიშებში თითქმის ყველა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერდა, რეაგირებისთვის მიმართავდა საარჩევნო ადმინისტრაციებსა და უწყებათაშორის კომისიას, თუმცა, თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მიმართ არათუ “საარჩევნო კოდექსის” 79-ე ან 88-ე მუხლით დადგენილი სანქცია არავის გამოუყენებია, მათ სრულიად გამაოგნებელი საფუძვლით ამართლებდნენ კიდეც.

საქმე ის არის, რომ 2 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ყოველდღიურად, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე “ქართული ოცნებისა” და მისი კანდიდატების მხარდამჭერი ინფორმაციების გაზიარებით იყო დაკავებული. ამით კი ეს ადამიანები ერთდროულად არღვევდნენ: 1. “საქართველოს საარჩევნო კოდექსს”; 2. “საჯარო სამსახურის შესახებ კანონს”, მთავრობის დადგენილებას „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“,  უწყებათაშორისი კომისიის 2016, 2018 და 2020 წლების რეკომენდაციებს. ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი კი ადგენს, რომ პარტიული საქმიანობა არ უნდა იყოს აღრეული სახელმწიფო საქმიანობასთან.

სწორედ ამ კანონების, დადგენილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რამდენიმე მოხელის საქმეზე საოლქო საარჩევნო კომისიებში isfed-მა საჩივრებიც შეიტანა. მოდით, ვნახოთ, თითოეულ მათგანზე რა გადაწყვეტილება მიიღო შესაბამისმა საარჩევნო ადმინისტრაციამ.

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია – გადაწყვეტილება N1

ერთ-ერთი კანონდამრღვევი, ვინც სამუშაო საათებში სისტემატურად აზიარებდა “ქართული ოცნებისა” და მისი კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას ოფიციალური გვერდიდან პოსტებს, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა ჩიჩუა იყო. isfed-მა საჩივარს თვალსაჩინოებისთვის მის მიერ გაზიარებული სამი პოსტის სქრინიც დაურთო – 7 ოქტომბრის, 1 ოქტომბრის და 22 სექტემბრის.

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარზე იმსჯელა, ჩიჩუას ახსნა-განმარტებაც დააწერინა და დაადგინა, რომ მას კანონი არ დაურღვევია: პირველ ორ შემთხვევაში (1-7 ოქტომებრი) იმიტომ, რომ ის, თურმე, 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებაში იმყოფებოდა.

აი, 22 სექტემბერს გაზიარებულ პოსტზე კი დაწერა:

ლელა ჩიჩუას ფეისბუქ-გვერდით სარგებლობს მისი მეუღლე, რომელმაც მ/წლის 22 სექტემბერს გააზიარა პოსტი. აღნიშნულს ადასტურებს მისი მეუღლის ახსნა-განმარტებაც, თუმცა, გელა ჩიჩუა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პოსტი არ შეიცავდა წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს. ის შეეხებოდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას. 

ისევ ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია – გადაწყვეტილება N2

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, ვინც ფეისბუქის მეშვეობით კანონის იგნორირებით, სამუშაო საათებში ავრცელებდა მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის სააგიტაციო მასალას, ფოთის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსი ფიქრია მიგინეიშვილია – isfed-მა მის შესახებაც მიმართა ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით.

კომისიამ იმსჯელა და ამჯერადაც დაადგინა, რომ მიგინეიშვილი არაფერ შუაშია და მის ფეისბუქს მისივე მეუღლე – მიხეილ ხოშტარია იყენებს.

ფიქრია მიგინეიშვილის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მისი პირადი ფეისბუქ-გვერდით სარგებლობს მისი მეუღლე, საჩივარში მითითებული ფეისბუქ-პოსტი გაზიარებულია მისი მეუღლის, მიხეილ ხოშტარიას მიერ, რომელიც, მეუღლის თანხმობით, ფლობს მისი გვერდის აიდს და პაროლს. მიხეილ ხოშტარია არ არის საჯარო მოხელე. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება “საარჩევნო კოდექსის” 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა. 

გაგეცინებათ და ისევ ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია – გადაწყვეტილება N3

გგონიათ, სამუშაო საათებს მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის ფეისბუქზე აგიტაციაში მხოლოდ ფოთის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსი ხარჯავდა? მისი მოადგილე ვასილ თოდუა ამ საქმით კიდევ უფრო მონდომებულად იყო დაკავებული, იმდენად მონდომებულად, რომ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების მხარდამჭერ ერთი და იმავე ინფორმაციას დღეში რამდენჯერმეც კი აზიარებდა. isfed-მა თავის საჩივარში ამ მოხელის მიერ კანონის დარღვევის 3 კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა – 25, 28 და 29 სექტემბერს თოდუას მიერ გაზიარებული პოსტები და შესაბამისი სქრინებიც დაურთო.

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ამჯერადაც იმსჯელა საკითხზე, ჩამოართვა ახსნა-განმარტება თოდუასაც და მის მეუღლესაც (უკვე მიხვდით, ხომ?) და დაადგინა:

ვასილ თოდუას, ასევე, მისი მეუღლის, მაია ბუკიას ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ საჩივარში მითითებული ფეისბუქ-პოსტები გაზიარებულია მაია ბუკიას მიერ, რომელიც, მეუღლის თანხმობით, ფლობს მისი გვერდის აიდს და პაროლს. მაია ბუკია არ არის საჯარო მოხელე. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება “საარჩევნო კოდექსის” 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა. ვასილ თოდუას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისთვის განკუთვნილი დრო არ გამოუყენებია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის.

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ორივე შემთხვევაში ისიც დაწერა, რომ, თურმე, ფეისბუქ-პოსტების გამოქვეყნების დროისათვის მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ოფიციალურად ჯერ არ იყო წარდგენილი. აი, ის კი დაავიწყდა, რომ ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ქვეყანაში 1 სექტემბრიდან დაიწყო და არა იმ დროიდან, რომელმა საარჩევნო სუბიექტმა თავისი კანდიდატი ოფიციალურად როდის დაარეგისტრირა ცესკოში, რადგან თვითმმართველობის ამ კონკრეტულ მოხელეებს სწორედ “ქართული ოცნების” ფეისბუქის პოსტები ჰქონდათ სამუშაო საათებში გაზიარებული და არა – ხახუბიასი, რომლის კანდიდატობის შესახებაც, სხვათა შორის, უკვე 20 ივლისიდან იყო ცნობილი.

როგორც ჩანს, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და მაგალითად, თოდუას ის ფეისბუქ-პოსტები, რომლებიც isfed-ის საჩივარშია მითითებული, წაუშლია, სხვა მხარდამჭერ-სააგიტაციო პოსტები კი, კანონის მოთხოვნათა დაცვით, არასამუშაო საათებში გაუზიარებია. ამიტომაც ჩვენ საჩივრის ასლიდან ამოღებულ მის ერთ-ერთ პოსტს გთავაზობთ.

 

საქმეში დედამთილებიც ჩაერთვნენ – ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება

მარიამ კიკალიშვილი ხარაგაულის მე-13 საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიის მიერ დანიშნული წევრია. კიკალიშვილს, როგორც კომისიის წევრს, “საარჩევნო კოდექსი” აგიტაციაში მონაწილეობის უფლებას არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ საერთოდ უკრძალავს. მან კი, მაგალითად, 4 ოქტომბერს გააზიარა ირაკლი კობახიძის პოსტი “ქართული ოცნების” საიმიჯო კლიპით. isfed-მა საოლქოს საჩივრით მიმართა, შენი ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრი კანონს არღვევსო, ხარაგაულის საოლქომ კი, ნახეთ, რა დაადგინა:

N48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო ოლქის N13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, მარიამ კიკალიშვილის 2020 წლის 23 ოქტომბრის ახნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2020 წლის 4 ოქტომბერს არ უსარგებლია პირადი ფეისბუქგვერდით და შესაბამისად, იგი ვერ განახორციელებდა “ქართული ოცნების” საიმიჯო კლიპის გაზიარებას. მარიამ კიკალიშვილის განცხადებით, პირადი ფეისბუქით სარგებლობენ ოჯახის სხვა წევრებიც, კერძოდ, აღნიშნული ვიდეოკლიპის გაზიარება მოხდა მისი დედამთილის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია ახსნა-განმარტებით დაგვიდასტურა მარიამის დედამთილმა, ქალბატონმა მანანა მანჯავიძემ, რომ თვითონ მოახდინა კლიპის გაზიარება 2020 წლის 4 ოქტომბერს”.

საოლქომ ისიც დაწერა, რომ მარიამმა დედამთილის 4 ოქტომბრის მაკვარანცხობა ახსნა-განმარტების მიცემამდე ერთი დღით ადრე – 22 ოქტომბერს “აღმოაჩინა” და, როგორც საოლქო წერს, “მყისიერად მოახდინა წაშლა”. ჰოდა, დედამთილის გამო რძალს ხომ ვერ დასჯიდნენ და მარიამიც, ზემოთ ხსენებული საჯარო მოხელეების მსგავსად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და 2000-ლარიან ჯარიმას გადაურჩა. 

ალბათ, ეს რამდენიმე მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად ანაღვლებთ საჯარო მოხელეებსა თუ საარჩევნო ადმინისტრაციებს კანონით დადგენილი მოთხოვნების აღსრულება. სხვათა შორის, ეს დოკუმენტები ცესკოს ვებგვერდიდან მოვიძიეთ. ამ უწყებას თავისი ადმინისტრაციების მიერ ამგვარად მოკვლეულ საკითხებზე, არათუ რეაგირება მოუხდენია, დისკომფორტიც კი არ შექმნია. ჰოდა, რატომ გვიკვირს, თუ საარჩევნო ადმინისტრაციების, მათ მიერ ჩატარებული არჩევნების, დათვლილი და გამოცხადებული შედეგების მიმართ საზოგადოების დიდ სამართლიანი კითხვები და პროტესტი უჩნდება?!

საოლქო კომისიები, თავის დაზღვევის მიზნით, ყველაფერს საჯარო მოხელეების  ცოლებს, ქმრებს, დედამთილებს და ლამის მეზობლებს ხომ აბრალებენ და თან თავიანთ გადაწყვეტილებებში მაინც წერენ, “საარჩევნო კოდექსი” ფეისბუქში პოსტების გაზიარებაზე არაფერს ამბობსო. დიახ, ამას ამბობენ 21-ე საუკუნეში, როცა მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, სოციალური ქსელები საარჩევნო კამპანიების უმთავრეს ინსტრუმენტად იქცა. რაც შეეხება კანონმდებლობას, ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს, აქაც ყველაფერი მკაფიოდ და ცალსახად წერია. და რადგან საჯარო მოხელეები და საარჩევნო ადმინისტრაციები ამ დოკუმენტებს “ვერ აგნებენ”, გადავწყვიტეთ, მათთვის მცირე გაკვეთილი ჩავატაროთ:

გაკვეთილი 1

“საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; მუხლი 45; პუნქტი 4 – წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
თ) საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; 

გაკვეთილი 2

“საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; მუხლი 79 – წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

გაკვეთილი 3

კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” მუხლი 15. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

გაკვეთილი 4

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“
“საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად“.

გაკვეთილი 5

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია – 2020 წლის 7 ოქტომბერი
ა) თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;