“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საყოველთაო უნდა იყოს.
ნათელაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება ერთიანი არ იქნება, მანდატებზე უარის თქმა აზრს დაკარგავს.
“მანდატებზე უარის თქმა არის აუცილებლად სწორი, როდესაც დაშვებულია ამგვარი ბოროტებები არჩევნების დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საყოველთაო და ყველა ოპოზიციური პარტია უარს იტყვის მანდატებზე.
თუ ისე მოხდა, როგორც 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვათქმევინეს უარი მანდატებზე, თვითონ შეცვივდნენ პარლამენტში და იქ უგალობდნენ ერთმანეთს ჰანგებს, ეს არის ხალხის გადაგდება და მოტყუება და ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტზე და მანდატებზე უარის თქმას. იმედია გრეჩიხას და გამყრელიძის პრეცედენტი არ განმეორდება. ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარლამენტში, რომელიც შედგა ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას – რას იზამს “ლეიბორისტული პარტია”, თუ ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთობა არ იქნება, ნათელაშვილმა არ ასე უპასუხა: “უნდა იყოს ერთობა, თუ არ იქნება, ამ შემთხვევაში ერთობის დამრღვევებს ვამხელთ ისე, რომ ვერასოდეს პოლიტიკაში ვერ მოტრიალდებიან”.
დღესვე ჯერ პარტია “ევროპულმა საქართველომ” განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. შემდეგ პარტია “ლელომ” განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება.
ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.