„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობს

553

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მანდატებზე უარს აცხადებს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურშიც მონაწილეობაზე უარს ამბობს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ საპარლამნეტო არჩევნების შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოში მოსახვედრად ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ “ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” გადალახა.

“31 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, ეს არ იყო არჩევნები ეს იყო სპეცოპერაცია, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაადასტურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 180 302 მოქალაქემ, ამ ტოტალური გაყალბების ფონზე 97 ათასი 615 ხმა ოპოზიციამ მიიღო. თითქმის 15 ათასით მეტი, ვიდრე “ქართულ ოცნებამ”. სახელისუფლებლო პარტიამ ორჯერ მეტი მანდატი მიითვისა. დარღვეულია ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლება. ჩვენ მხარდამჭრებთან და პარტნიორებთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე რაც გადმოგვცა ხელისუფლებამ. ხვალ აჭარის მთავრობის სახლთან 17:00 საათზე აქცია გაიმართება, ხმების დასაცავად”,- განაცხადა პარტიის წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.

მანდატებზე უარი უკვე თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ევროპულმა საქართველომ“.