„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკო-ს შედეგებს არ აღიარებს. მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.
„პატრიოტთა ალიანსი“ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რადგან რეალურად, ეს იყო ძალადობა ამომრჩეველზე, მოსყიდვა ამომრჩევლის, ამომრჩევლის ნების შეზღუდვა, კანონის უხეშად დარღვევა, იგნორირება დემოკრატიის, გამჭირვალობის. ამიტომ, ჩვენ ამ შედეგებს ვერ ვაღიარებთ, უფრო მეტიც, არ ვაპირებთ, შევიდეთ ამ მოწვევის პარლამენტში, რომელიც არჩევნების შედეგებით უნდა დადგეს და მონაწილეობა მივიღოთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ასეთ პარლამენტში, ამ არჩევნებით არჩეულ პარლამენტში ჩვენ არ შევალთ და მონაწილეობას არ მივიღებთ პარლამენტის სამუშაოებში, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
გოჩა თევდორაძის განამარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნების ბათილად ცნობისთვის ბრძოლას დამოუკიდებლად აპირებს და გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ შეურთდებიან.
„პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანისაც დამოუკიდებლად მართავდა და დამოუკიდებლად განვაგრძობთ ბრძოლას იმის მისაღწევად, რომ ბათილად იქნას ცნობილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. მოთხოვნები ოპოზიციის სხვა სპექტრისა და ჩვენი ერთი და იგივეა, მაგრამ ეს თავად ხელისუფლების დამსახურებაა, ხელისუფლებისა, რომელიც არა მარტო დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ შეერწყა მას და ფაქტობრივად, ერთ პარტიად იქცა. ჩვენ არავის შევუერთდებით. აქცია იქნება ჩასატარებელი, დამოუკიდებლად ჩავატარებთ, განცხადებებს დამოუკიდებლად ვაკეთებთ და ჩვენი ბრძოლის გზა იქნება დამოუკიდებელი“, – განაცხადა თევდორაძემ.
დღეს, 2 ნოემბერს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ უარს ამბობს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე პარლამენტში შესვლაზე და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტრიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. აქცია დღესაც არის დაგეგმილი.