სამადაშვილი: მოდით დღეს, 16:00 საათზე პარლამენტთან, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი – ხვალიდან გამოვიწვევთ ჩვენს წევრებს კომისიებიდან

340

მოდით დღეს პარლამენტთან 16:00 საათზე, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მიერ სრულად გაყალბებული შედეგების გაფორმების მცდელობა და ამ მიზნით კომისიის წევრებს, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს.

“ყველა ჩვენი კომისიის წევრს მივეცით ინსტრუქცია, რომ არცერთ მსგავს ოქმს ხელი არ მოაწერონ. ხვალიდან ჩვენ ოფიციალურად გამოწვეული გვეყოლება ჩვენი კომისიის წევრები შესაბამისი კომისიებიდან. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ესაა სწორი გადაწყვეტილება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ გრძელი რიგების, გართულებული გარემოს მიუხედავად მივიდა არჩევნებზე, თუ თქვენ გუშინ ხმა მიეცით პოლიტიკურ ცვლილებას, მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირეთ მხარი, თქვენ გუშინ გითხრეს, რომ თვენი ხმა არავის აინტერესებს და თქვენი ღირსება გუშინ ღამე ფეხქვეშ გათელა თამარ ჟვანიამ. მეგობრებო, თქვენ 20 ივნისს, როდესაც გავრილოვი დაგვასვეს თავზე, ძალიან სწორი რეაქცია გქონდათ, ახლა მინდა გითხრათ, რომ დღეს 16:00 საათზე ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ღირსება. შეურაცხყოფა და დამცირებაა, როდესაც ფეხქვეშ თელავენ მთავარ უფლებას – აირჩიოთ ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც თავისი თავის პატივისცემა აქვს, ამას არ მოითმენს და არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა სამადაშვილმა.