არჩევნების დღის წინასწარი შეჯამება – “მრავალეროვანი საქართველო”

582

არჩევნების დღის წინასწარი შეფასება

1 ნოემბერი, 2020 წ.

საარჩევნო ოლქებში, სადაც მრავალეროვანი საქართველო დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საარჩევნო უბნებზე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს გარკვეული ხასიათის საარჩევნო ხარვეზები. მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი საარჩევნო ხარვეზები ვერ იქონიებს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

არჩევნების დღეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლებმა სულ 18 საჩივარი წარადგინეს  საარჩევნო კომისიებში, ასევე 25 შენიშვნა დააფიქსირეს საარჩევნო უბნებზე ჩანაწერთა წიგნში. მთელ რიგ შემთხვევებში, საარჩევნო კომისიის წევრები ითვალისწინებდნენ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების შენიშვნებს და ასწორებდნენ დაფიქსირებულ ხარვეზებს. შესაბამისად, ორგანიზაციის დამკვირვებლები ამ უბნებზე საჩივრებს აღარ წერდნენ.

„მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

ძირითადი მიგნებები:  

საარჩევნო უბნის გახსნისას ექვს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას, რაც უკავშირდებოდა დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არდაშვების საკითხებს. ასევე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ერთ შემთხვევაში საარჩევნო უბნიდან გააძევეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი (მარნეულის #13.22.73 საარჩევნო უბანი).

ხმის მიცემის პროცესში მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ერთი და იმავე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები (ბოლნისის #14.23.55 და მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბნები), ასევე ერთი და იმავე პირების მიერ არჩევნებში განმეორებით მონაწილეობის მცდელობის ფაქტები (მარნეულის #13.22.49 და საგარეჯოს #09.11.41 საარჩევნო უბნები). დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არასრულწლოვანი პირისა (მარნეულის #13.22.35 საარჩევნო უბანი) და ვადაგასული პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტები (ახალქალაქის #18.40. 10 საარჩევნო უბანი). ორ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობას  (მარნეულის #13.22.49 და გარდაბნის #12.21.48 საარჩევნო უბნები). ასევე ოთხ შემთხვევაში დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტები საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ორ შემთხვევაში აგიტაციას ადგილი ჰქონდა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ (საგარეჯოს #09.11.47, მარნეულის #13.22.71, ნინოწმინდის #18.41.19 და #18.41.09 საარჩევნო უბნები), ხოლო ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები (ყვარლის #10.16.12, ბოლნისის #14.23.22, ასევე ლაგოდეხის #10.15.22 და #10.15.35 საარჩევნო უბნები).

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის ინფორმაციით, მარნეულის #13.22.03 უბანზე, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას. საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა მარნეულის #13.22.18 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები. ამ უბნის თავმჯდომარის განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები მოიპარეს.

არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

  • დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა ( 7 ინციდენტი)
  • საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (4 ინციდენტი)
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (4 ინციდენტი)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება (6 ინციდენტი)
  • უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა ( 1 ინციდენტი)
  • მარკირების წესის დარღვევა ( 2 ინციდენტი)
  • ხმის მიცემა არაერთგზის (2 ინციდენტი)
  • ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა (1 ინციდენტი)
  • ხმის მიცემის მცდელობა არასრულწლოვანი პირის მიერ (1 ინციდენტი)
  • აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე (4 ინციდენტი)
  • არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე (1 ინციდენტი)
  • სიტყვიერი დაპირისპირება ( 1 ინციდენტი)
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის ხმის მიცემის პროცედურების დარღვევა ( 3 ინციდენტი)

465 საარჩევნო უბანზე, სადაც ორგანიზაცია ახორციელებდა დაკვირვებას:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის 2685 წევრი იყო ქალბატონი (საშუალოდ 48%)
  • 201 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი (43%)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის 2661 წევრი მიეკუთვნებოდა ეთნიკურ უმცირესობებს (საშუალოდ 47.7 %)
  • საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობა (მდივანი ან თავმჯდომარე) ეკავა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებულ 245 პირს (52%).

ხმის დათვლისას გამოვლენილი ხარვეზები (7 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.18 საარჩევნო უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შესულა ამ უბნის შემაჯამებელი ოქმები. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავდაპირველად განაცხადა, რომ მან შემაჯამებელი ოქმები დაკარგა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ოქმები მოპარეს.

მარნეულის #13.22.03 უბანზე ელექტროენერგია გაითიშა ნახევარი წუთით სავარაუდოდ 21:40 საათზე, რა დროსაც დამკვირვებლის განცხადებით, სავარაუდოდ, მოხდა  საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა.

ნინოწმინდის #18.41.13 საარჩევნო უბანზე, დამკვირვებლის ინფორმაციით, ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებლის ინფორმაციით, რამდენჯერმე მოხდა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მოწმობის გარეშე უცხო პირების შესვლა, რის გამოც ხმის დათვლის პროცესს ხელი ეშლება. ასევე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა ალკოჰოლი, სავარაუდოდ ამ უცხო პირების მიერ უბანზე შემოტანილი.

მარნეულის #13.22. 72 უბანზე ხმების დათვლისას სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა ოთხი საარჩევნო ბიულეტენი (2 მაჟორიტარული და 2 პროპორციული), რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიამ ნამდვილ ბიულეტენებად მიიჩნია.

მარნეულის #13.22.35 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო 34 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთის საარჩევნო უბნიდან გასვლისას, გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრებმა წაიღეს სულ 50 ბიულეტენი, თუმცა გადასატანი ყუთის საარჩევნო უბანზე დაბრუნებისას დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს არ დაუბრუნებიათ მეტობით წაღებული ბიულეტენები.

ბოლნისის #14.13.39 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხელი არ მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს.

საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (4 შემთხვევა)  

ნინოწმინდის #18.41.34 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:23 საათზე შეძლეს, ვინაიდან საარჩევნო უბანზე არ ჰქონდათ საკონტროლო ფურცელი. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანზე მიიტანეს საკონტროლო ფურცელი, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მიიღეს და კენჭისყრის პროცესი დაიწყო.

მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:22 საათზე შეძლეს, ვინაიდან დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცლის შევსება და საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გამოსავლენად წილისყრის ჩატარება არ იცოდნენ. ამ საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი მას შემდეგ შეავსეს და წილისყრა ჩაატარეს, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში დასახმარებლად ცესკოს წარმომადგენელი მივიდა.

მარნეულის #13.22.80 უბანზე საარჩევნო კაბინები მოწყობილი არ არის სათანადოდ. კერძოდ, ფარული კენჭისყრის კაბინაში ამომრჩევლის შესასვლელი ერთი მხრიდან გახსნილი არ არის და გახსნილი მხარე მიმართული არ არის კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმგვარად, რომ  არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, თანახმად ცესკოს #38-ე დადგენილების პირველი მუხლის ი) ქვეპუნქტისა.

ისნის #04.05.02 საარჩევნო უბანი არასათანადოდ იყო მოწყობილი. ფარული კენჭისყრის კაბინების უკან იყო ცალკე კარი, რომლითაც ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე შესვლა შეეძლოთ მარკირების გარეშე. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ხარვეზი აღმოიფხვრა, კაბინები გადააადგილეს.   

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები (7 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.73 საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი. დამკვირვებლის ინფორმაციით, ის ცდილობდა მობილური ტელეფონით გადაეღო საარჩევნო კაბინაში 3 ადამიანის ერთდროულად შესვლის ფაქტი, რასაც საუბნო საარჩევნო კომისიის გაღიზიანება მოჰყვა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მარნეულის #13.22.65 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:08 წუთზე. საუბნო საარჩევნო  კომისიის წევრების განმარტებით, დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე 08:00 საათამდე ვერ შევიდოდა. დამკვირვებელი უბანზე 07:14 წუთზე დაუშვეს, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დარეკა.

მარნეულის #13.22.36 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:00 საათზე, ვინაიდან კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს თერმომეტრის აპარატის მოხმარება. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი დაეხმარა მათ აპარატის მოხმარებაში, დამკვირვებელი შეუშვეს საარჩევნო უბანზე.

ახალქალაქის #18.40.61 უბანზე დამკვირვებელი არ შეუშვეს იმ არგუმენტით, რომ ის არ იყო ამ უბნის დამკვირვებელი. მრავალეროვანი საქართველოს მობილური ჯგუფის მისვლის შემდეგ დამკვირვებელი შეუშვეს უბანზე.

კრწანისის #01.04.25 უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს დილის 07:00 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის განმარტებით, დამკვირვებლებს მხოლოდ 08:00 საათზე შეუშვებდნენ. საუბნო საარჩევნო კომისიამ უბნის კარები ჩაკეტა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე შესვლა დილის 08:00 საათის შემდეგ შეძლო.

კრწანისის #01.04.19  უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიიდან განხორციელებული ზარის შემდეგ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე შეუშვეს.

მარნეულის #13.22.70 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს მიუთითა, რომ საარჩევნო უბანზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა და ერთი კონკრეტული ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიუთითეს, დარღვევა აღმოიფხვრა.

სიტყვიერი დაპირისპირება (1 შემთხვევა)  

მარნეულის #13.22.71 უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საარჩევნო კომისიის წევრს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ თავმჯდომარემ კომისიის წევრს გადაღების უფლება შეუზღუდა და ხელი ჰკრა, როდესაც ის წილისყრის პროცედურის მობილური ტელეფონიდან გადაღებას ცდილობდა.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.74 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას. კომისიის თავმჯდომარემ უთხრა ამომრჩეველს შემოეხაზა #41 ნომერი.

ნინოწმინდის #18.41.19 საარჩევნო კომისიის წევრმა ორ შემთხვევაში მიუთითა ამომრჩეველს ვისთვის მიეცა ხმა. დამკვირვებლის ინფორმაციით, მან ამომრჩეველს #2 მიუთითა.

საგარეჯოს #09.11.47 საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი უშუალოდ უბნის ტერიტორიაზე ახდენდა აგიტაციას. ამომრჩეველს კარნახობდა რა უნდა შემოეხაზათ. მრავალეროვანი საქართველოს შენიშვნის შემდეგ მოხდა რეაგირება და საუბნო საარჩევნო კომისიამ მას საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

ნინოწმინდის #18.41.09 საარჩევნო უბანზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი (საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ენზელ მკოიანი) ამომრჩეველს უთითებდა ვისთვის მიეცათ ხმა.

არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.70 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა (1 შემთხვევა)

დმანისის #14.24.48 საარჩევნო უბნის სიახლოვეს დაუდგენელი პირები აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს მათ ხელთ არსებულ სიაში, თუმცა ისინი არ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ 25 მეტრიან პერიმეტრის მოთხოვნას.

გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის წესების დარღვევა (3 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.2 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის ნომერი არ ემთხვევა ჩანაწერთა წიგნში შეყვანილ ნომერს.

ლაგოდეხის #10.15.21 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაილუქა დილის 07:55 საათზე, გადასატანი საარჩევნო ყუთი უბნიდან გავიდა დილის  09:10-ზე და დაბრუნდა მალევე, 10:50 საათზე. დამკვირვებლის ინფორმაციით საარჩევნო ყუთს არ ჰქონდა ლუქი. საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნებისთანავე საარჩევნო უბანზე მოვიდა ორი უცხო პირი, რომლებმაც განაცხადეს, რომ იყვნენ ცესკოს თანამშრომლები და მათ დალუქეს აღნიშნული ყუთი. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დაიწერა საჩივარი და მოთხოვნილ იქნა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა. საჩივარი დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიაში. გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო 7 ამომრჩევლის მონაცემები და დაფიქსირებულია 7-ივე ამომრჩევლის ხელმოწერა.

ახალქალაქის #18.40.26 საარჩევნო უბანზე 10:45 საათზე დამკვირვებელმა გადასატანი ყუთის სიაში დააფიქსირა, რომ იყო 12 ამომრჩეველი. მოგვიანებით, როდესაც ყუთი უნდა გაეტანათ უბნიდან დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ სიაში იყო 13 ამომრჩეველი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის განმარტებით, ამ ამომრჩეველს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ის საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებდა. ამიტომ ის სიაში დაამატეს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (4 შემთხვევა)

ყვარლის #10.16.12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით დააფიქსირა ისე, რომ ის ფარული კენჭისყრის კაბინაში არ შესულა.  მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში შევიდა და მეორე ბიულეტენზე არჩევანი კაბინაში გააკეთა.

ბოლნისის #14.23.22 უბანზე ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლები ერთმანეთს აჩვენებდნენ შემოხაზულ ბიულეტენებს. რიგ შემთხვევებში, კენჭისყრის პროცედურა ხორციელდებოდა კაბინაში შესვლის გარეშე. უბანზე მუდმივად არის ხალხმრავლობა, რითაც მნიშვნელოვნად ფერხდება კენჭისყრის პროცესი. ასევე ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას.  მათ უკრძალავენ გადაადგილებას და რეგისტრატორის მაგიდასთან ახლოს არ უშვებენ.

ლაგოდეხის #10.15.22 უბანზე დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინიდან გამოსვლისას ბიულეტენი საარჩევნო უბანზე მყოფ საარჩევნო სუბიექტის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენელს აჩვენა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

ლაგოდეხის 10.15.35  საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენს ფოტო გადაუღო.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ნიუპოსტის წარმომადგენლებმა ამ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის ყუთში ჩაგდების უფლება არ მისცეს და უბანი დაატოვებინეს. მისი ბიულეტენი თავმჯდომარესთან დარჩა. მოგვიანებით კომისიის წევრებმა ამომრჩეველს სთხოვეს უბანზე დაბრუნება. ამ ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ხმის მიცემის წესების დარღვევები (8 შემთხვევა)

მარნეულის #13.22.3 უბანზე ამომრჩეველს საკუთარი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი დაწერა და რეაგირება მოითხოვა.

ბოლნისის #14.23.55 უბანზე ერთი და იმავე კომისიის წევრმა სამჯერ მისცა ხმა. აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა საჩივარი.

მარნეულის #13.22.49 უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირების არ გაკეთების სამ ფაქტს, სხვადასხვა რეგისტრატორის მიერ. ასევე, აღნიშნულ უბანზე ადგილი ჰქონდა კარუსელის განხორციელების მცდელობას, თუმცა დამკვირვებელმა მოახდინა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული და განმეორებით ცდილობდა საარჩევნო უბანზე შესვლას, რის გამოც არ მოხვდა მათი დაშვება საარჩევნო უბანზე.

გარდაბნის #12.21.46 უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო კონვერტში ჩადების გარეშე ჩააგდო საარჩევნო ყუთში.

მარნეულის #13.22.35 უბანზე  ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანი პირის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მცდელობას. რეგისტრატორმა მასზე გასცა საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც მას ხელში ეკავა და ის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა იცნო აღნიშნული პირი და მისი პირადობის მოწმობის ნახვა მოითხოვა. შედეგად, აღმოჩნდა, რომ პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, არასრულწლოვანი იყო და შესაბამისად, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ ამ პირს არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. ამ ფაქტზე კომისიის წევრებს შორის მოხდა კამათი, თუ ვინ და რატომ შემოუშვა არასრულწლოვანი და რატომ გასცეს მასზე საარჩევნო ბიულეტენი.

ახალქალაქის #18.40.10 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობას. აღნიშნული ფაქტი შენიშნა მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა. შესაბამისად, ამ ამომრჩეველს არ მისცეს შესაძლებლობა ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმა მიეცა.

მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“ ოთხჯერ მისცა ხმა. ასევე ამ უბანზე ორი პირი განმეორებით შემოუშვეს ხმის მისაცემად.

საგარეჯოს #09.11.41 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე ადამიანს ჰქონდა მცდელობა განმეორებით მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ის არ შეუშვეს საარჩევნო უბანზე და უკან გააბრუნეს.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება (6 ფაქტი)

ნინოწმინდის #18.41.28 უბანზე კომისიის მდივანი არ ავსებდა სადემონსტრაციო ოქმს  და არ შეჰქონდა სადემონსტრაციო ოქმში ამომრჩევლების ერთიან სიაში ამომრჩევლების რაოდენობა.  კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  ამ მონაცემებს სადემონსტრაციო ოქმში დღის ბოლოს შეიტანდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა მიუთითა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამის შესახებ, თუმცა მან რეაგირება არ მოახდინად. დამკვირვებელმა შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

ახალქალაქის #13.40. 67  უბანზე თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდა საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილების მქონე ორ პირს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ ორივე პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.  

მარნეულის #13.22.65 უბანზე ამომრჩევლებს თერმოსკრინინგს უტარებდნენ. ტემპერატურა 7-8 ამომრჩეველს შეუმოწმეს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

მარნეულის #13.22.69 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ფურცელზე ინიშნავდა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების გვარებს და მათ გასწვრივ პლიუსებს უსვავდა. მრავალეროვანი დამკვირვებლის ინფორმაციით, სულ 12 ამომრჩევლის მონაცემები მოინიშნა. დამკვირვებლის მიერ საჩივარი დაიწერა და მოთხოვნილ იქნა რეგისტრატორის შეცვლა და მისი დისციპლინური პასუხისმგებლობა. დარღვევა აღმოიფხვრა.

გარდაბნის #12.21.48 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ოთხ შემთხვევაში მარკირება არ გაუკეთა ამომრჩეველს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა მისცა მითითება და დარღვევა აღმოიფხვრა.  ასევე ამავე რეგისტრატორმა ერთ შემთხვევაში ხელმოწერა არ გაუკეთა და ბეჭედი არ დაარტყა საარჩევნო ბიულეტენზე.   ამავე დარღვევაზე მრავალეროვანი დამკვირვებლის მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა შენიშვნა. დამკვირვებელმა მოითხოვა აღნიშნული რეგისტრატორის შეცვლა სხვა რეგისტრატორით, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკმაყოფილდა და აღნიშნული რეგისტრატორი სხვა რეგისტრატორით შეიცვალა.

ნინოწმინდის #18.40.22 საარჩევნო კომისიის წევრები წინასწარ ურტყამდნენ ბეჭდებს საარჩევნო ბიულეტენებს, სულ 15 ბიულეტენს.  მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა ამ ფაქტის ვიდეოგადაღება მოახდინა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ არ იცოდნენ დარღვევა რომ იყო და პროცესი შეაჩერეს.

***

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავდა სულ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელიც ფარავდა  24  მუნიციპალიტეტის საზღვრებს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), მარნეული (#13), ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო (#14) – ქვემო ქართლი; ბორჯომი,  ახალციხე, ადიგენი, ასპინძა (#17), ახალქალაქი და ნინოწმინდა (#18) – სამცხე-ჯავახეთი; საგარეჯო და გურჯაანი (#9), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) – კახეთი; კასპი (#15) – შიდა ქართლი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4) და სამგორი (#5) – თბილისი.

არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 600 დამკვირვებელი, მათ შორის 465 საუბნო, 97 მობილური ჯგუფის, 22 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას უწევდა საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებდა როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი.   ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობდნენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევდნენ პროგრამის იურისტები. გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ესარგებლა და საკოორდინაციო ცენტრისთვის გაეზიარებინა მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), შვედეთის სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.