TI: 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო

660

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან, 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა. ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ცესკოს თავმჯდომარეს შედეგების გამოცხადებაში ხელი შეუშალეს.

არჩევნების სავარაუდო გაყალბება

მარნეულის #13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დადასტურება. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ითხოვს აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას.

ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნის გარეთ ადამიანებისთვის თანხის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა სიუჟეტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ.

ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა 

გლდანში სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდნენ ტელეკომპანია „პირველის” ჟურნალისტი ანა ახალაია და ონლაინ მედიის ჟურნალისტი მინდია გაბაძე. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ქუთაისში მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატი ირაკლი კიკვაძე სცემეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საჩივრების რეგისტრაცია

დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი იყო. მათ შორის,  რუსთავის #12.20.16 უბანთან ხუთამდე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს დამკვირვებელს. რამდენიმე უბნიდან უსამართლოდ გამოაძევეს ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები. რამდენიმე უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა საჩივრებს.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

დღის განმავლობაში არაერთ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. რამდენიმე შემთხვევაში კომისიის წევრებმა და ამომრჩევლებმა საკუთარ შევსებულ ბიულეტენს გადაუღეს ფოტო. ზოგიერთ უბანზე კენჭისყრის კაბინაში ამომრჩეველს არაუფლებამოსილი პირები მიყვებოდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველის – ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლებს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ.

გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები

იყო შემთხვევა, როდესაც უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე და კომისიის წევრებმა ხელით შეავსეს ეს ინფორმაცია გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ. საჩივრის დაწერის შემდეგ აღნიშნული ყუთის ბიულეტენები გაბათილდა.

ერთ უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.

წილისყრის პროცედურის დარღვევა

ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნა

ბევრ უბანზე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა 

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდა „კოვიდინფექციის” გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები.  დღის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით კი ბიულეტენების დათვლის დროს ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა პირბადის ტარებაც კი.

მარკირების წესების დარღვევა და პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა

ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველს მარკირების შემოწმების გარეშე უშვებდნენ კენჭისყრის შენობაში. ორ უბანზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში 

ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაცია „ნიუპოსტის” წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.

საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვილობა

ბევრ უბანზე არ მუშაობდა ან საერთოდ არ იყო ასლის გადამღები აპარატი, რაც პრობლემას უქმნიდა დამკვირვებლებს შემაჯამებელი ოქმების ასლების მოპოვებაში. ამ მხრივ, განსაკუთრებით, გამოირჩეოდა ზუგდიდის ოლქი.

საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია

უბნების უმრავლესობაში საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობა პრობლემებს უქმნიდა საარჩევნო პროცესის ყველა წესის დაცვით წარმართვას.  აღნიშნული პრობლემა გამოიკვეთა როგორც კენჭისყრის პროცესში, ისე  შედეგების შეჯამების დროს.

შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დასმის პრობლემა

შემაჯამებელ ოქმებში საბოლოო ბალანსის დასმა ბევრ უბანზე, სხვა წინა არჩევნების მსგავსად, პრობლემა იყო.

რეკომენდაციები

  • სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;
  • ცესკომ დაყოვნების გარეშე, მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველყოს პირველადი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება, რათა არ გაჩნდეს კითხვები მის საქმიანობასთან დაკავშირებით;;
  • საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება.
  • საარჩევნო უბნები შესაბამისი მოწყობილებებით უნდა აღიჭურვოს, რათა დაინტერესებულ მხარეებს პრობლემა არ შეექმნას საკუთარი უფლებამოსილებებთან დაკავშირებით

საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობის ასამაღლებლად საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა არჩევნების დღის პროცედურებში ელექტრონული საშუალების დანერგვაზე.