„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები შეისწავლა და 20%-ში ხარვეზები გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, 178 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 36-მა შეავსო. მათგან 22-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევ პირებს შორის არიან ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერები.
Droa.ge კვლევას უცვლელად გთავაზობთ.
“16 თანამდებობის პირს საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში – წილების ფლობა და ხელმძღვანელობა. 9 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილისმართვის უფლება სხვა პირისათვის. 12 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება, ხოლო 5-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო შემოსავლები აკრძალული/ნებადაურთველი საქმიანობიდან.
საქართველოს კანონით “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული დეკლარაციაში მიუთითოს იმ საწარმოს შესახებ, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის საწარმოების ბრუნვების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებით კომპანიების სტატუსების შესახებ – კვლევაში ნახსენები ყველა კომპანიის სტატუსი არის „აქტიური”.
ქობულეთი
დავით მჭედლიშვილი – საკრებულოს თავმჯდომარე
დავით მჭედლიშვილმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა ინდივიდულაური მეწარმეობა და შპს BMG GROUP-ის 50%-იანი წილი. დეკლარაციაში მითითების გარდა, მას ინდივიდუალური მეწარმეობა უნდა შეეჩერებინა ან გაეუქმებინა და შპს-ს წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის გადაეცა, რაც არ გააკეთა და დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.
ჯემალ ბლადაძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ჯემალ ბლადაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა შპს „სპექტროილის” 10%-იანი წილი და შპს „ბარელი 1-ის” 16%-იანი წილი. მას არც სხვა პირისთვის გადაუცია შპს-ს წილები მართვის უფლებით, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.
დავით წულუკიძე – საკრებულოს იურიდიული, საპროცედურო და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე
დავით წულუკიძეს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს 60 კვ.მ აგარაკი კურორტ ბეშუმში და 3170 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, ხოლო, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში საერთოდ არ უხსენებია ეს ქონებები და არც ინფორმაცია მათი გაყიდვა/გაჩუქება/გაცვლის შესახებ. ცხადია, რომ აღნიშნული დეკლარაციებიდან მინიმუმ ერთი დეკლარაცია კანონდარღვევით აქვს შევსებული.
ლია შაქარიშვილი – საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ლია შაქარიშვილს 2021 და 2022 წელს შევსებულ დეკლარაციებში მითითებული აქვს, რომ 2020-2021 წლებში, პერიოდულად, კოორდინატორად მუშაობდა კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციაში და ა(ა)იპ ახალგაზრდულ ჰორიზონტში, ხელფასის სახით კი ჯამურად მიიღო 3,325 ლარი. კოორდინატორის პოზიცია არის ისეთი ანაზღაურებადი სამუშაო, რომლის შესრულებაც და მისგან შემოსავლის მიღება მას არ შეეძლო.
გელა გოგიტიძე – საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
გელა გოგიტიძე 2021 წლის 3 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა ხსენებულ თანამდებობაზე მუშაობისას, 2021 წლის 03 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
ირაკლი ქათამაძე – საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი ქათამაძეს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2021 წელს ხელზე მიიღო შემოსავალი 3,000 ლარის ოდენობით შპს ქობულეთიდან, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. დეკლარაციაში, ასევე, არასწორად მიუთითა წილის ოდენობა და კომპანიის სტატუსი „პასიური”. რეალურად, ნაცვლად 0%-სა, ფლობს 100%-ს და კომპანია არის „აქტიური”. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, მან მესამე პირს არ გადასცა წილის მართვის უფლება, ასრულებს კომპანიის დირექტორის მოვალეობას და კომპანიიდან მიიღო სახელფასო შემოსავალი.
მინდია რომანაძე – მერის მოადგილე
მინდია რომანაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 50,40 კვ.მ ბინა ქობულეთში.
ნათია ბასიაშვილი – მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ნათია ბასიაშვილს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული 106,78 და 43,8 კვ.მ ბინები თბილისში და თანასაკუთრებაში არსებული 112,2 კვ.მ ბინა ქობულეთში.
ხათუნა მამასახლისი – მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
ხათუნა მამასახლისის მიერ 2021 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2020 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსად მუშაობის პარალელურად, მუშაობდა სს „ევექსი ჰოსპიტლებში” ექიმად და ხელფასის სახით მიიღო 4,073 ლარი. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მას, როგორც საჯარო მოხელეს, ექიმის პოზიციაზე მუშაობის უფლება არ ჰქონდა.
ზურაბ ამაღლობელი – მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის უფროსი
ზურაბ ამაღლობელმა 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 62,8 კვ.მ ბინა ბათუმში და 2020 წელს ქობულეთის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი. დეკლარაციაში მან, ასევე, არ აჩვენა ინდივიდუალური მეწარმეობა, რომელიც უნდა შეეჩერებინა ან გაეუქმებინა.
ფატი ჯინჭარაძე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
ფატი ჯინჭარაძემ 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, გია გოლიაძე მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ ის არის შპს მაგი 2018-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. გია გოლიაძე, ასევე, არის შპს “ზომას” დირექტორის მოადგილე. შპს “ზომას” ქობულეთის მერიასთან გაფორმებული აქვს 432,074 ლარის ჯამური ღირებულების 14 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება და 980,700 ლარის ჯამური ღირებულების 16 ტენდერით შესყიდვის ხელშეკრულება.
გენადი კირჩხელი – მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი
გენადი კირჩხელს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული 5654 კვ.მ და 7106 კვ.მ მიწის ნაკვეთები ქობულეთის სოფელ ბობოყვათში და 47,15 კვ.მ მშენებარე ბინა ქალაქ ბათუმში. დეკლარაციაში ასევე არ აჩვენა 2020 წელს ქობულეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
ბათუმი
დავით მახარაძე – საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარე
დავით მახარაძეს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული 122 კვ.მ ბინა ბათუმში. ის, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, 2021 წლის 29 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობის პარალელურად, მუშაობდა მენეჯერად სააქციო საზოგადოება „ვაჭრობტრანსში“, სადაც ხელფასის სახით ჯამში 6,380 ლარი მიიღო. მას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არც ამ სააქციო საზოგადოების წილები გადაუცია მართვის უფლებით სხვა პირისთვის და არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა დაუტოვებია, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.
ნერიმან ცინცაძე – საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ნერიმან ცინცაძემ 2022 წელს, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის რანგში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის, როსტომ ცინცაძის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ, იგი ფლობს შპს კანისა და ვენსნეულებათა სამედიცინო ცენტრის 6,67 %-იან წილს.
ლევან დოლიძე – საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
ლევან დოლიძემ 2022 წლის 28 თებერვალს შეავსო დეკლარაცია, როგორც ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბის ყოფილმა დირექტორმა. მან ამ დეკლარაციაში არ მიუთითა თანასაკუთრებაში არსებული 2602 კვ.მ მიწის ნაკვეთი 413 კვ.მ შენობა-ნაგებობებით ბათუმში და 20%-იანი წილი შპს “გრანდ მაისონში”. ასევე არ გადაუცია მოცემული წილი მართვის უფლებით მესამე პირისათვის. ლევან დოლიძემ დეკლარაციაში აგრეთვე არ აჩვენა ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
მირიან მეტრეველი – მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი
მირიან მეტრეველს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას 2021 წელს მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
ლევან მამინაიშვილი – მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი
ლევან მამინაიშვილმა 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას 2020 წელს მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი. ამავე დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი მეუღლე, ლალი ძნელაძე მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ შპს “ველზში”, ფლობს 25%-იან წილს.
ხელვაჩაური
ზაზა დიასამიძე – მუნიციპალიტეტის მერი
ზაზა დიასამიძეს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს ორსართულიანი, 252 კვ.მ საერთო ფართის საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბათუმში, რომელიც უნებართვოდ ააშენა 2019 წელს და ასევე, არ აქვს ნაჩვენები მის მშენებლობაზე დახარჯული ფინანსები. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მერმა სამშენებლო ნებართვა ჩვენი სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს აიღო. მან 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა 1002 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმში, ხოლო, შემდგომ წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ უჩვენებია არც ეს მიწის ნაკვეთი და არც მისი გაყიდვა/გაჩუქება/გაცვლის შესახებ ინფორმაცია.
ტარიელ ნაკაშიძე – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
ტარიელ ნაკაშიძეს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული 423 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში და 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმში, მაჭახელას ქუჩაზე, რომელზეც განთავსებულია 274,4 კვ.მ შენობა-ნაგებობები. დეკლარაციაში ასევე არ ჩაწერა 2020 წელს ხელვაჩაურის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
მერაბ თურმანიძე – მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
მერაბ თურმანიძემ 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ იგი 2004 წლიდან დღემდე არის ინდივიდუალური მეწარმე. მას ინდივიდუალური მეწარმეობა არც შეუჩერებია და არც გაუუქმებია.
თენგიზ ქიქავა – მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური
თენგიზ ქიქავას 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შვილის, ედნარ ქიქავას, საკუთრებაში არსებული 2502 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში. არც ის მიუთითებია, რომ ედნარ ქიქავა ფლობს 25%-იან წილს შპს “კოლხში” და 34 %-იან წილს შპს “მეგაპოლისში”.
მინდია დიასამიძე – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
მინდია დიასამიძეს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს “ჯიდი ჯგუფის” 50%-იანი და შპს “მდა-007”-ის 100%-იანი წილები. Მას არც მესამე პირზე გადაუცია მართვის უფლებით ამ ბიზნეს სუბიექტების წილები. შპს “მდა-007”-ს საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, ძირითადად აჭარაში, გაფორმებული აქვს 14,000 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები. 2022 წლის დეკლარაციაში მან ასევე არ მიუთითა მის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული 631 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმში, 1911 და 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში. აგრეთვე არ აქვს დეკლარირებული 2021 წელს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
რამაზ ფევაძე – საკრებულოს ფრაქცია „ხელვაჩაური საქართველოსთვის” თავმჯდომარე
რამაზ ფევაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ ფლობს 100%-იან წილებს შპს “მონოლითი 2013”-ში, შპს “ჯორჯიან-მშენში”, შპს “ლიფტების სამყაროში” და 50%-იან წილს შპს “აუდიტ სერვის ჯგუფში”. ასევე მესამე პირზე მართვის უფლებით არ გადაუცია ხსენებული ბიზნეს სუბიექტების და დეკლარაციაში ნაჩვენები სხვა კომპანიების წილები. იგი, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად, სხვადასხვა კერძო კომპანიებში მუშაობდა ფინანსისტად და, ხელფასის სახით მიიღო 95,248 ლარის ჯამური ღირებულების შემოსავალი, კერძოდ: სს “ინდუსტრია 21” – 17,688 ლარი; შპს “ვესთ-ჰაუსი” – 13,331 ლარი და შპს “ლიფტების სამყარო 2” – 64,229 ლარი.
ქედა
ოთარ ხარაძე – საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ოთარ ხარაძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 65,95 კვ.მ ბინა დაბა ქედაში, ინდივიდუალური მეწარმეობა და 2021 წელს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი. მას ინდივიდუალური მეწარმეობა უნდა შეეჩერებინა ან გაეუქმებინა.
მამუკა ფარტენაძე – მერის მოადგილე
მამუკა ფარტენაძემ 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მამის, ნაზიმ ფარტენაძის საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 11,74 კვ.მ შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთში. დეკლარაციაში, ასევე არ აჩვენა მის მიერ 2020 წელს, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
ჯემალ ტაკიძე – მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი
ჯემალ ტაკიძემ 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა 2020 წელს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი.
შუახევი
ომარ ტაკიძე – მუნიციპალიტეტის მერი
ომარ ტაკიძეს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება/სხვენი. მას მესამე პირზე მართვის უფლებით არ გადაუცია შპს “აშენე და იმეგობრეს” 59%-იანი წილი, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა.
ფრიდონ კეკელიძე – მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
ფრიდონ კეკელიძეს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული 906,7 კვ.მ მიწის ნაკვეთი შუახევის სოფელ ზამლეთში და 53,58 კვ.მ ბინა დაბა შუახევში. დეკლარაციაში ასევე არ მიუთითებს, რომ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, კერძოდ ის ფლობს 100%-იან წილს შპს “საბა-ლუკაში”. მას მოცემული წილი მართვის უფლებით მესამე პირზე უნდა გადაეცა, რაც არ გააკეთა და კიდევ ერთხელ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.
ფრიდონ დავითაძე – მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი
ფრიდონ ფუტკარაძეს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა შუახევში და 2020 წელს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება/ხელფასი. დეკლარაციაში, ასევე არ აქვს ნაჩვენები მისი მონაწილეობა სამეწარემო საქმიანობაში, კერძოდ ის ფლობს 33%-იან წილს შპს “კაპსტანდარტში” და 25%-იან წილს შპს “მთიანეთში”. მას მოცემული წილები მართვის უფლებით მესამე პირზე არ გადაუცია, რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.
ხულო
თამაზ აბაშიძე – მერის მოადგილე
თამაზ აბაშიძემ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა მისი და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, რომლებიც შეიძინეს ან/და მემკვიდრეობით მიიღეს 2008, 2010, 2018 და 2019 წლებში, თუმცა ეს ქონებები თამაზ აბაშიძეს 2021 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რანგში, შევსებულ დეკლარაციაში არ უჩვენებია. ეს მიუთითებს, რომ 2021 წელს დეკლარაცია კანონმდებლობის დარღვევით შეავსო.
ჯუმბერ დიმიტრაძე – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ჯუმბერ დიმიტრაძემ 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.
ნარგიზ დეკანაძე – საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე –
ნარგიზ დეკანაძეს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „გაზეთი ხულოს” 34%-იანი წილი, რომელსაც გამარტივებული შესყიდვის 180 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან შემსყიდველებთან. მან ეს წილი მართვის უფლებით მესამე პირს არ გადასცა, რითაც ასევე დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა.
ირაკლი ჯორბენაძე – საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ირაკლი ჯორბენაძეს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული 108,83 კვ.მ და 34 კვ.მ ბინები ქალაქ ბათუმში, 30,80 კვ.მ ბინა დაბა ხულოში და მისი მეუღლის, ნარგიზ შანთაძის საკუთრებაში არსებული 140 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში.
რამინ მეხეშიძე – მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი
რამინ მეხეშიძეს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მისი და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული 65 კვ.მ და 316 კვ.მ მიწის ნაკვეთები ქალაქ ბათუმში, 5000 კვ.მ, 1800 კვ.მ და 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები ხულოს სოფელ ქედლებში. დეკლარაციაში ასევე არ ჩაწერა, რომ მისი მეუღლე, მზია აბულაძე 2008 წლიდან დღემდე არის ინვიდუალური მეწარმე.
ზვიად თავართქილაძე – მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი
ზვიად თავართქილაძეს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული მის საკუთრებაში არსებული 90 კვ.მ მიწის ნაკვეთი 7,84 კვ.მ შენობა-ნაგებობით კურორტ ბეშუმში.
მალხაზ სურმანიძე – მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მალხაზ სურმანიძემ 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის თანასაკუთრებაში არსებული 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხულოს სოფელ ვერნებში.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები სათანადო რეაგირების მიზნით”, – ვკითხულობთ კვლევაში.