არალში მცხოვრები სტეფანე ტატალაშვილი აცხადებს, რომ N3 არლის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ზაურ ჩილინგარაშვილმა კენჭისყრის ოთახი დაატოვებინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც თავად ამბობს იგი ბაკურიანის სასტუმრო „აურუმში“ მუშაობდა, რადგან აღნიშნული დაწესებულების „კოვიდ სასტმროდ“ გადაკეთება იგეგმებოდა, თანამშრომლები სპეცსიაში შეიყვანეს, მოგვიანებით გადაწყდა, რომ „აურუმში“ კორონავირუსით ინფიცირებულებს არ მიიყვანდნენ. ამის გამო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროს თანამშრომლებს სპეციალური ცნობები დაურიგა, რის მიხედვითაც, თავიანთ უბნებზე ხმის მიცემას უპრობლემოდ შეძლებდნენ.
„ჩვენს სასტუმროში სუსტი სიმპტომების მქონე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები უნდა შემოეყვანათ, ამის გამო, გადასატანი ყუთის სიაში აღმოვჩნდით. მოგვიანებით სახელმწიფომ სასტუმროსთან ხელშეკრულება გააუქმა. მოგვცეს ცნობა, რომ უპრობლემოდ შემეძლო ხმის მიცემა ჩემი სოფლის საარჩევნო უბანზე, რადგან პაციენტები არ მიგვიღია. თავმჯდომარე კი მეუბნება სახიფათო ვარ საზოგადოებისთვის და საარჩევნო უბანი უნდა დავტოვო“, – ამბობს სტეფანე ტატალაშვილი.
მან სამჯერ სცადა ხმის მიცემა, თუმცა სამჯერვე უკან გააბრუნეს. ამბობს, რომ ტელეფონით გადაამოწმა და მის თანამშრომლებს მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ.
„არ მაძლევს ხმის მიცემის უფლებას, იმიტომ, რომ საარჩევნო სიაში ჩემი გვარის გასწვრი აწერია „გადასატანი ყუთი“. ჩემი ცნობაც არ უნახავს, მეუბნება შენ აქ დააინფიცირებ ხალხსო. ყვირის გააძევეთ ეს ბიჭი, გადაიყვანეთ კარანტინში, საზოგადოებისთვის საშიშიაო“.
ტატალაშვილმა დახმარება უბანზე მყოფ პოლიციას სთხოვა, ასევე დარეკა ცესკოს ცხელ ხაზზე, თუმცა ხმის მიცემის უფლება მაინც არ მისცეს.
რატომ არ მიიჩნევს სარწმუნოდ ტატალაშვილის ცნობას და მიუტანენ თუ არა გადასატან ყუთს სახლში, უცნობია. კომისიის თავჯდომარე „სამხრეთის კარიბჭეს“ არ უკეთებს კომენტარს, ამბობს რომ დილით მასზე განაწყენდა, აღელვებულია და „დრო ჭირდება, რომ დამშვიდდეს“.
დღეს დილით, 07:50 საათზე საარჩევნო უბანზე მისული ჟურნალისტი კომისიის თავმჯდომარემ უბანზე არ შეუშვა, მან განაცხადა, რომ „დავაგვიანეთ და იქამდე ვერ შეგვიშვებდა, ვიდრე პირველი ამომრჩეველი ხმას არ მისცემდა. სწორედ ამ მასალის გამოქვეყნების გამო ამბობს კომენტარზე უარს.