ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა On.ge-ს ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა და აჩვენა, რომ შეიარაღებულია

373

მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მყოფ On.ge-ს ჟურნალისტს ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა მუშაობაში ხელი შეუშალა. დარინა ქამადაძის თქმით, უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით, კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია.

მას შემდეგ, რაც On.ge-ს წარმომადგენელმა კამერა ჩართო, კაცმა იარაღი დამალა და ჟურნალისტს კამერაზე ხელი დაარტყა. მოგვიანებით, ის სხვა ქურთუკით გამოჩნდა და თქვა, რომ იარაღი კიარა, ტელეფონი ჰქონდა.

იგივეს ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი რუსლან გაჯიევიც, რომელიც ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

On.ge ესაუბრა ევროპული საქართველოს წარმომადგენელს მარნეულში, აჰმედ იმამკულიევს, რომელმაც დაადასტურა, რომ უბანზე მყოფი ადამიანი ნამდვილად ამ პარტიას წარმოადგენს, თუმცა მას იარაღი არ ჰქონია და ეს ტელეფონი იყო.

თავად იმ ადამიანმა, რომელსაც იარაღი ჰქონდა, ჟურნალისტს მუქარის ჟესტი აჩვენა და უთხრა:

“არ გადაიღო, ვფიცავ, ტვინი არ მიმუშავებს, უკვე ნერვები… მორჩა”