ხმაური სამგორში – 24-ე, 25-ე და 26-ე საარჩევნო უბნებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები “ოცნების” სასარგებლოდ ეწევიან აგიტაციას. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გარდა აგიტაციისა, ამ უბნებზე ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის.
“რამდენიმე საათია დარჩენილი გამარჯვება ოფიციალურად გავიფორმოთ. ეს იქნება ხალხის გამარჯვება და იქნება ქართული ოცნების აგიტატორების მარცხი. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასია და ყველას შეეხება ის სიკეთე, რომელსაც მოიტანს ცვლილებები. ფაქტია, რომ აგებენ ამ რაიონში არჩევნებს, კვლევბითაც იციან და ვნახეთ პროვოკაციები…თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი მთელი დღის განმავლობაში ეწევა ქართული ოცნების აგიტაციას,” – ამბობს ხაბეიშვილი.
თავის მხრივ, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ “ოცნების” კოორდინატორი ტალონებს არიგებდა მხარდამჭერებისთვის.
მანამდე დაპირისპირება იყო სამგორის 39-ე უბანზეც. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და დამკვირვებლებმა უბანთან მობილიზებული “ოცნების” წარმომადგენლები და ე. წ. ძველი ბიჭები დააფიქსირეს. მმართველი გუნდის კოორდინატორები ამომრჩევლების სიებით გადაადგილდებოდნენ.
ჩხუბის დრო ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებმაც ტერიტორიიდან ისევ ოპოზიციის დამკვირვებლები გაიყვანეს.