„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონკრეტულ ადგილებზე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი უკვე გამოვლინდა. ჩიხლაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე რიგები ხელოვნურადაა შექმნილი.
„ჩვენი დამკვირვებლები დილიდან აქტიურად აკვირდებიან სხვადასხვა უბანს. გამოვლინდა უკვე რამდენიმე საყურადღებო ფაქტი, როგორიცაა საარჩევნო უბნებზე არსებული დიდი რიგები და გვიჩნდება აზრი, რომ ეს ხელოვნურად შექმნილია, რათა ამომრჩეველს შეუქმნან ბარიერი, ხმა არ მისცეს და უკან დაბრუნდეს. ჩვენი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რიგებისა და საარჩევნო კომისიის წევრების ნელი მუშაობის შედეგად, ბევრი ამომრჩეველი უკან ბრუნდება. როგორც ჩანს, აიძულებენ დიდხანს იდგნენ რიგში და წავიდნენ, ზოგ შემთხვევაშ ვერ პოულობენ სიებში, ეუბნებიან არ ხარ დარეგისტრირებული და ა.შ.
იმედი გვაქვს, რომ დღის განმავლობაში ისინი შეძლებენ ხმის მიცემას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკმაოდ ცუდად არის დატრენინგებული საარჩევნო კომისიის წევრები, მაშინ როცა, შვიდი თვე ამისთვის სრულიად საკმარისი იყო”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
ჩიხლაძის თქმით, გურჯაანში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები სპეციალურად ეკამათებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.
„ასევე აღსანიშნავია გურჯაანის ორ უბანში მომხდარი ფაქტი, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სპეციალურად უწყობენ კამათს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები. ეს არის გურჯაანის ველისციხის მე-15 უბანი, გურჯაანის უბანი N1, სადაც ოპოზიციის პარტის წარმომადგენლებს ეჩხუბებიან, აძევებენ უბნებიდან. ასევე ისნის მე-8, მე-9, მე-11 უბნებზე კომისიის წევრების ნაკლებობაა, რაც ასევე განაპირობებს რიგებს. ზესტაფონის მე-9 უბანზე წილისყრის გარეშე გადანაწილდა ფუნქციები. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების” კორდინატორების მობილიზებაა ბევრ უბანზე, 25 მეტრის ახლოს, რაც ასევე კანონის დაარღვევაა. ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თამჯდომარე უსაფუძვლოდ ეუბნება უარს, რომ დაუმოწმოს დამკვირვებლებს თავისი მოწმობები. ეს არის ის ძირითადი დარღვევები, რომელიც გამოვლინდა ამ დროისათვის, რომელიც გამოავლინეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. ყველა ეს პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი, როდესაც ამომრჩეველი წავა სახლში, არის შანსი, რომ აღარ მიბრუნდეს საარჩევნო უბანზე და ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ „ქართულ ოცნებას” აძლევს ხელს,” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.