დავით კირკიტაძე რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში, მოსახლეობას მიწების დარიგებას ჰპირდება

709

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას 900 მ2 მიწის ნაკვეთები იმ ტერიტორიაზე გადაეცემა, სადაც ციხე შენდება. ამის შესახებ ინფორუსთავი წერს. 

“ჩვენ გვაქვს 5 პუნქტიანი გეგმა, რომლის მე-5 პუნქტიც ითვალისწინებს იმ რუსთაველებისთვის 900 მ2 მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომელთაც არ აქვთ არაფერი სხვა, გარდა საცხოვრებელი სახლისა. ჩვენ მათ უნდა გადავცეთ 900-900 მ2 მიწის ნაკვეთი, როგორც ეს გაკეთდა ოდესღაც და რუსთაველთა ნაწილმა ქალაქის შემოსასვლელში მიიღო მიწები. რახან ჭყონდიდელის დასახლებასთან ყველაზე ახლოს არის ეს სახელმწიფო მიწები, სადაც “ქართული ოცნება” აპირებდა ციხის აშენებას, სწორედ ამ ტერიტორიაზე და ასევე ახალ სამგორში მდებარე სახელმწიფო მიწის ნაკვეთებს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, გადავცემთ ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას და არა მხოლოდ. ეს არის პასუხი კითხვაზე, სად არის სახელმწიფო მიწები, რომელიც ჩვენ უნდა გადავცეთ მოსახლეობას”, – აცხადებს კირკიტაძე.

კირკიტაძის თქმით, ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც რუსთავის ენმ-ს ორგანიზაციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის 5-პუნქტიან პროგრამაზე დასარეგისტრირებლად შექმნა, უკვე 5 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.