”ევროპული საქართველო” არჩევნებში ბლოკის სახით, აგვისტოში დარეგისტრირებულ ახალ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობს

740

პოლიტიკური გაერთიანება ”ევროპული საქართველო” ადგილობრივ არჩევნებში ბლოკის სახით აგვისტოში დარეგისტრირებულ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. პარტიის სახელწოდებაა ”მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნული პარტია მიმდინარე წლის 22 აგვისტოს არის დარეგისტრირებული და მას ხათუნა ქოიავა თავმჯდომარეობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა, პარტია მათმა თანამებრძოლებმა და მეგობრებმა დააფუძნეს.

”ეს არის ტექნიკური საარჩევნო ბლოკი, რომლის შექმნის შესაძლებლობას კანონმდებლობა იძლევა. სავარაუდოდ, ხელისუფლება ბლოკებს აუქმებს, მაგრამ ამ არჩევნებისთვის ეს დაშვებულია. შესაბამისად, ჩვენ ამ შესაძლებლობით ვისარგებლეთ და ტექნიკური საარჩევნო ბლოკი შევქმენით, როგორც აქამდე ვიქცეოდით, როცა ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ვიყავით. ეს იძლევა საშუალებას, გვქონდეს გარკვეული სარგებელი – აბსოლუტურად ლეგალური, როგორც ამ არჩევნების მსვლელობისას, ისე მომავალში, თუკი ბლოკი წარმატებული იქნება. თუკი პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდება, მას ექნება დაფინანსება, ექნება საეთერო დრო და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ ამით ვისარგებლებთ”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლევან თარხნიშვილმა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხუთი საარჩევნო ბლოკი დარეგისტრირდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი