არჩევნებში მონაწილე 50 საარჩევნო სუბიექტიდან, 29 მათგანმა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე 35 376 394 ლარის შემოწირულობა მიიღო. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული.
ამავე კვლევის თანახმად, მმართველ პარტიას 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას „ლელო საქართველოსათვის“ – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შემავალმა პარტიებმა ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს.
“ყველა საარჩევნო სუბიექტის ჯამური შემოწირულებების 48% მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მიიღო. თუ წინა საარჩევნო წლების ტენდენციებს შევადარებთ, საპარლამენტო არჩევნების წელს (2016) „ქართული ოცნების” წილი მთლიან შემოწირულებებში 66% იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს (2017) კი ეს მაჩვენებელი უკვე 88% გახდა. მმართველი და სხვა პარტიების მიღებულ შემოწირულებებს შორის სხვაობის შემცირება ძირითადად იმან განაპირობა, რომ აქამდე არსებულ ფინანსურად ძლიერი პარტიების ტრადიციულ სიას დაემატა ახალი პარტია „ლელო საქართველოსთვის” და საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი”,- აღნიშნულია კვლევაში.