ვაპირებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე, მაგრამ არა დღის 12:00 საათზე როგორც ეს მერიამ გაავრცელა. ნამდვილად ვერ მივცემთ ,,ქართულ ოცნებას” იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ დავდგეთ რუსთაველზე და მთელი საარჩევნო უბნები დავუტოვოთ გაყალბებისთვის, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა 31 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, მათ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე 20:00 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, რათა ერთად ადევნონ თვალი როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გამარჯვება ერთად იზეიმონ.
,,შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე ოღონდ, 20:00 საათის შემდეგ მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, რათა ერთად ვადევნოთ თვალი როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. დღის 12:00 საათი, რომელიც მითითებულია განაცხადში, ეს არის სუფთა ტექნიკური ნაწილი 12:00 საათზე უნდა მოვიდეს ტექნიკური პერსონალი და დაიწყოს სცენის აწყობა, რასაც სჭირდება 6-7 საათი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან შეკრებას გეგმავს.
28 ოქტომბერს თბილისის მერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, პარტია 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან, 24:00 საათამდე მრავალსაათიანი შეკრების ორგანიზებას გეგმავს.