თბილისის მერია „ნაცმოძრაობის“ წერილს ასაჯაროებს, რომლის თანახმად, პარტია 31 ოქტომბერს, 12:00 საათიდან, პარლამენტის წინ ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს

389

წინა სტატია

თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილ წერილს საჯაროებს, რომლის თანახმად, პარტია 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან, 24:00 საათამდე მრავალსაათიანი შეკრების ორგანიზებას გეგმავს.

თბილისის მერიის განცხადებით, მითითებულ ადგილზე 31 ოქტომბერს სხვა ღონისძიება დაგეგმილი არ არის.

„შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინასწარი გაფრთხილების მიზნებისათვის გაცნობებთ, რომ საარჩევნო ბლოკი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის 31 ოქტომბერს, შაბათს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებს მშვიდობიან საჯარო შეკრებას, რამაც მონაწილეთა შესაძლო მნიშვნელოვანი რაოდენობის ზრდის გამო მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხალხისა და ტრანსპორტის სავალი ნაწილის მოძრაობის შეფერხება-შეჩერებას.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ორგანიზატორების მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები, მათ შორის პირბადეებით უზრუნველყოფა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მერიისთვის გაგზავნილ წერილში.