საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან შეკრებას გეგმავს.
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ დემოკრატიულ არჩევნებში წარმატების შანსი არ აქვს და ფსონს არეულობის შექმნაზე აკეთებს.
„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ. არჩევნების ნაცვლად, არეულობისთვის რომ ემზადება, ეს არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან. როგორც ჩანს, სრული რესურსის მობილიზაციას არა საარჩევნო, არამედ ამ მიმართულებით აპირებენ და ააანონსებენ მრავალათასიანი აქციის ჩატარებას. ხაზს ვუსვამ, არჩევნების დღეს, 12:00 საათიდან. ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის სასოწარკვეთილების პიკში. მათ ზუსტად იციან, რომ დემოკრატიულ არჩევნებში რაიმე სახის წარმატების შანსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები, მათი მხარდამჭერები და მოსახლეობა ხმის მიცემის საარჩევნო პროცესში იქნება ჩართული, როგორც ჩანს, ხმების პარალელური დათვლის შედეგად მიღებული მონაცემების დაცვის აბსურდული საბაბით „ნაციონალური მოძრაობა“ ფსონს სიტუაციის რადიკალიზაციაზე, არეულობის შექმნაზე აკეთებს და სრული რესურსით ქვეყნის მთავარ გამზირზე იკრიბება. ფაქტია, რომ ამ პარტიას არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზების ნაცვლად სხვა სახის, დესტრუქციული მიზნები აქვს და მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მათ მორიგ მავნებლურ ზრახვებს, ამ უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებას კიდევ ერთხელ გასცეს ღირსეული და საკადრისი პასუხი“,- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, მოსახლეობამ არჩევნებით ისეთი შედეგი უნდა უზრუნველყოს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ წარმატების ილუზიების შანსებს გაუქრობს.
„სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭიროა საქართველოს წინსვლა, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების გაგრძელება, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა 2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთოს, მომდევნო წლებში კი სრულფასოვანი ინტეგრირება და მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა შევძლოთ, აუცილებელია, უარი ვუთხრათ რევანშს, დესტრუქციას, მივიდეთ არჩენებზე და ერთად დავუჭიროთ მხარი წარმატებულ საქართველოს. ამ არჩევნებში არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები უნდა დამარცხდნენ, არამედ უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და უნდა უზრუნველვყოთ ისეთი შედეგი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს წარმატების ილუზიების შანსებს გაუქრობს და გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გაუხსნის“,- განაცხადა მდინარაძემ.