შატილში ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა

777

შატილში 20 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა-პანსიონი გაიხსნა.

“განათლების სამინისტროს დელეგირებული უფლებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, აშენდა ახალი, 20 ბავშვზე გათვლილი, 2 სართულიანი სკოლა-პანსიონი, სკოლაში მოეწყო სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები და სველი წერტილები, რომლებიც დაკავშირებულია საევაკუაციო გასასვლელებთან”, – განმარტავენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა შატილის ისტორიაში, ზუსტად ერთი წლის წინ შატილის ახლად რეაბილიტირებული პანსიონი დაიწვა,მაშინ პრემიერმა ბრძანა,რომ მოსწავლეებს ახალი შენობა ექნებოდათ და ეს ასეც მოხდა,აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა მთაში მოსახლეობის დაბრუნების კიდევ ერთი პირობაა,“-განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მანანა ნარიმანიძემ.

შატილის სკოლა-პანსიონი შარშან ოქტომბერში ხანძრის გამო დაიწვა და პანსიონის 7 მოსწავლე დროებით ამბულატორიის შენობაში აგრძელებდა სწავლას.

საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო თანხა ახალი სკოლა-პანსიონის ასაშენებლად. უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების მასალა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.