“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მზად არის, დებატები შედგეს ოცნების, ენმ-ის და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის.
ბოკერიას თქმით, გიორგი გახარიამ რამდენიმე ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში არაკომპეტენტურობა და გულგრილობა გამოავლინა, ახლა კი მაინც არის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ისე, რომ არც ერთ პოლიტიკურ დებატში არ მონაწილეობს.
“გუშინ ფოთში გახარია ჩამოვიდა და ივანიშვილის რეჟიმის რვაწლიანი მმართველობის ბოლოს საზეიმოდ განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წელი ფოთის და სამეგრელოს აღმშენებლობის პერიოდი იქნება. ამ პოლიტიკური კლოუნისგან ივანიშვილის მთავრობა ერთი წელია ცდილობს წარმატებული მენეჯერის სახე შექმნას. იმის მაგივრად მეორე ტალღისთვის მომზადებულიყვნენ, კოვიდ პანდემიის დროს სწორედ ამაში დაიხარჯა უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი.
არადა, გახარიამ მისი მოკლე პოლიტიკური კარიერის მანძილზე, ყველა კრიტიკულ ვითარებაში ან არაკომპეტენტურობა და გულგრილობა გამოავლინა ან პირდაპირ კრიმინალური ქმედება ჩაიდინა. პანკისის ოპერაცია რომელიც პოლიციის მანქანების დაწვით დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელობისას იქ შექმნილი კლიმატი და განსაკუთრებით მასწავლებლებზე და დირექტორებზე სამარცხვინო ზეწოლა, რისი მაგალითიც ია კერზაიას ტრაგედიაა. სხვადასხვა დროს პროპუტინური ფაშისტური ჯგუფების ოპონენტებზე მიქსევის სამარცხვინო პრაქტიკა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე სრული უმოქმედობა და ამ თემის უტიფრად უგულებელყოფა, მათი დაუსჯელობა, ვინც ხორავას ქუჩის საქმეზე დამნაშავეებს შეგნებულად ხელი დააფარა, გავრილოვის ქვეყანაში შემოშვება და 20 ივნისის ღამის დარბევა – ყველა ამ ეპიზოდში ივანიშვილის რეჟიმმა და კერძოდ გახარიამ ყველაფერი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების საზიანოდ გააკეთა”. – ამბობს ბოკერია,
მისივე განცხადებით, დებატებზე უარს ამბობენ ენმ-ოის ლიდერებიც.
“სხვათა შორის დებატებში მონაწილეობას თავიდან ირიდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც – არც პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი და არც პარტიის თავმჯდომარე ვაშაძე დებატებში მონაწილეობას არ იღებენ.
“ევროპული საქართველო” და მისი ყველა ლიდერი ახლაც მზად ვართ რომ ასეთ დებატები შედგეს- ოცნების, ენმ-ს და ევროპული საქართველოს ლიდერებს შორის”, – აცხადებს ბოკერია.