“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ პარტია შეკრებას მაშინ გამართავს, როცა საჭიროდ ჩათვლის. ამ თემაზე მან კითხვას გადაცემა “დღის სტუმარში” უპასუხა.
“ჩვენ ხვალაც შევიკრიბებით, არჩევნების დღესაც შევიკრიბებით, თუ საჭიროდ ჩავთვლით და არჩევნების მეორე დღესაც შევიკრიბებით. მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისს თვალები დათხარა საკუთარ მოქალაქეებს გახარიამ და ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პოლიტიკური შეკრების უფლება არსებობს და ამ უფლებას გამოვიყენებთ ცხადია ჩვენი პოლიტიკური მიზნებისთვის”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური შეკრება არჩევნების დღეს იქნება თუ მეორე დღეს ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში მათი უფლებაა.
“პოლიტიკური შეკრება არჩევნების დღეს იქნება თუ მეორე დღეს და მოქალაქეების თავყრილობა ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენი დემოკრატიული უფლება, თალაკვაძესთვის და მდინარაძისთვის არავის არ მიუცია უფლება გააუქმოს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები”, – თქვა სამადაშვილმა.
დღეს, 28 ოქტომბერს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ენმ არჩევნების დღეს აქციას გეგმავს და ფსონს არეულობის შექმნაზე აკეთებს. მდინარაძის თქმით, ეს პარტიის კიდევ ერთი “მავნებლობაა”.