მესტიაში აქცია იმართება, “ოცნების” წევრის ცემისთვის დაკავებული პირების გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით

709

მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” წევრის თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მესტიელები ამბობენ, რომ დაკავებულები შერჩევითი სამართლის მსხვერპლები არიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ დაბა მესტიის შესასვლელი.

„ეს იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი, რომელიც გააფორმეს პოლიტიკურ ინციდენტად. ვართ შერჩევითი სამართლის მსხვერპლები. პროკურატურამაც კი აღიარა,  რომ ეს არაა პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება.  თავისუფლად შეიძლებოდა მათი გამოშვება გირაოთი“, – ამბობენ აქციის ერთ-ერთი მონაწილეები.

“გაათავისუფლონ ბიჭები, რომლებიც დააკავეს კონფლიქტი ყოფით ნიადგზე მოხდა და არა პოლიტიკური მოტივით. შერჩევითი სამართლის მსხვერპლები ვართ. ლაშა გირგვლიანი, რომელსაც არავინ არ უჩივის იმიტომ რომ ამ ჩხუბში საერთოდ არ მონაწილობდა, მასაც კი 2 თვიანი პატიმრობა მიოუსაჯეს. დასკვნაც გვაქვს, რომ ეს არის მსუბუქი დაზიანება და შეიძლებოდა მათი გამოშვება გირაოს სანაცვლოდ”, – ამბობს აქციის მონაწილე ნათელა გირგვლიანი.

აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციას გააგრძლებენ.

7 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქართული ოცნების” წევრის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, თემურ შუბითიძის ცემის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, შუბითიძე ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს “ოპელის” მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.