ადგილობრივი საქალაქო, რეგულარული, სამგზავრო გადაყვანის მიკროავტობუსებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. ემ-2 კატეგორიის მიკროავტობუსებზე ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მსურველებმა მერიაში საბუთები 10-სა და 11 ნოემბერს უნდა შეიტანონ. 16-დან 22 ნოემბრის ჩათვლით კი იმ მიკროავტობუსებს შეამოწმებენ, რომელთა მფლობელებმაც შეიტანეს განაცხადები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მერიაში განმარტავენ, რომ მიკროავტობუსები საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმებით შეფასდება. კონკურსი ყოველწლიურია, წელს კი შერჩევის კრიტერიუმებში შეიტანეს ცვლილებები.
კერძოდ, შარშან თუ დაშვებული იყო სამარშუტო ხაზების მოძრაობა მხოლოდ ორი ფანჯრით, ახლა სავალდებულო 4-ია. ემზარ ქავჟარაძის განცხადებით, მოთხოვნები ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგირი ვითარებიდან გამომდინარე გამკაცრდა. ქალაქში სულ 23 სამარშუტო ხაზია.