„ქართულმა ოცნებამ“ ჩააფლავა რეაქცია ეკონომიკურ კრიზისზე, ჩააფლავა რეაქცია კორონაზე, კრიმინალზე, ანუ ყველა მიმართულებით ხელმოცარულები არიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ოცნებას” ამომრჩევლის ზეწოლა და მოსყიდვა ვერ უშველის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, რადგან ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდება.
„ამ არჩევნებზე, ისევე როგორც ადრე, „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ყველა არალეგიტიმურ ინსტრუმენტს იყენებს, როგორიც არის ბიუროკრატიული, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა, ისინი აშანტაჟებენ მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, საჯარო მოხელეებს, ოღონდ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ყოველ არჩევნებზე, 2016 წლიდან მოყოლებული, ის იღებს უფრო ნაკლებ ხმას.
ფაქტია, რომ ეს ყველა ინსტრუმენტი ჯამში არ მუშაობს. ახლა ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ „ქართულმა ოცნება“ 30-40%-მდე მიიღოს, რათა ოპოზიციაში გადავიდეს. ესაა სავსებით მიღწევადი ამოცანა, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერაა შემცირებული, რაც ახსნადია, იმიტომ, რომ მათ ჩააფლავეს რეაქცია ეკონომიკურ კრიზისზე, ჩააფლავეს რეაქცია კორონაზე, კრიმინალზე, ანუ ყველა მიმართულებით არიან ხელმოცარულები.
ამიტომ, მათ მიერ რამდენიმე ათეული ლარის დარიგება მოსახლეობისთვის და იმის იმედად ყოფნა, რომ ამის გამო გადარჩებიან და ხელისუფლებას შეინარჩუნებენ, არის ზღაპარი. ისინი ყველა შემთხვევაში დამარცხდებიან და ამ არჩევნების შემდეგ მოხდება ახალ ეტაპზე გადასვლა, დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები და „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, ხოლო ის პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი, პანდემიასთან დაკავშირებული ბრძოლა, ეს ყველაფერი აუცილებლად, მოგვარებული იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.