არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჰქონდეთ მცდელობები, შეფარვითი გზებით რაიმე სახის დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საზოგადოების ის ღირსეული არჩევანი, რომელსაც ისინი აუცილებლად გააკეთებენ 31 ოქტომბერს – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„არჩევნების უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარება ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან ეს არის საფუძველი ქვეყანაში სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების. ჩვენმა კოლეგებმა ისაუბრეს იმ ძალიან მაღალი რეიტინგის შესახებ, რომელიც “ქართულ ოცნებას” გააჩნია, ჩვენ ყველას მოლოდინი გვაქვს და ასეც იქნება, რომ ჩვენი გუნდი მიიღებს ამომრჩევლის 60 პროცენტიან მხარდაჭერას, რაც გულისხმობს იმას რომ ჩვენი გუნდი იქნება 100 მანდატით და უფრო მეტით წარმოდგენილი. რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცესს, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პროცესში არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენი გუნდის ყველა წევრს, საზოგადოებას, 31 ოქტომბერს გააკეთონ ღირსეული არჩევანი და მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე კოვიდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცული იქნება.
„დემოკრატიული პროცესებისა და საარჩევნო პირობებში, ცესკოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან მჭიდრო თანამშრობლობით მნიშველოვანი მისია გვექნება, რომ საარჩევნო პროცესი ჩატარდეს იზოლაციის პირობებშიც, რაც გულისხმობს საკარანტინე სივრცეებში, კოვიდ ინფიცირებულთა სასტუმროებში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში ყველა იზოლაციაში მყოფ ადამიანს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასთან ერთად, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო განაცხადს გააკეთებს და 31 ოქტომბერს არჩევნებს ძალიან წარმატებულად და უსაფრთხოდ ჩავატარებთ“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მანამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებული 129 ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია, ან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული ოპოზიციასთან.