„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განმარტებით, კოვიდინფიცირებულთათვის ხმის უფლების რეალიზებისთვის ცესკო-მ გადასატან ყუთებთან დაკავშირებით ტრადიციულ პრაქტიკას მიმართა. ამასთანავე, კობახიძემ აღნიშნა, რომ კოვიდის არარსებობის პირობებში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ვერ ახერხებდა ხმის უფლების რეალიზებას, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს კოვიდის პირობებში შეიძლება დაფიქსირდეს.
„ცესკო-მ მიმართა სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გამოიყენება, ზოგადად, გადასატანი ყუთისთვის, ანუ თუ აქვს ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა, ის, ბუნებრივია, წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს და იმ შემთხვევაში თუ წინა დღეს ან არჩევნების დღეს ადამიანი ცუდად გახდა, ის, ბუნებრივია, თავისი ხმის უფლებით ვეღარ ისარგებლებს. ამ შემთხვევაში, ცესკო-მ მიმართა სტანდარტილ პრაქტიკას, რაც მოქმედებს, მათ შორის, სხვა პაციენტებისთვის, ვისაც შეიძლება სჭირდებოდეს გადასატანი ყუთი, ეს პრაქტიკა წლების განმავლობაში მოქმედებს.
რამდენიმე დღე არის აღებული იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს რეგისტრაციის შესაძლებლობა. რაც შეეხება იმას, რომ ყველას არ ეძლევა ხმის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ესეც ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა. არჩევნების დღისთვის ჯამში კოვიდინფიცირებული იქნება პირობითად, 25 ათასი აქტიური „ქეისი“, საიდანაც ამ უფლების სარგებლობის საშუალება ექნება ნახევარზე მეტს ანუ 8 ათასი ადამიანი დარჩება, პირობითად, ხმის უფლების გარეშე, რაც ნორმალურია. გარდა ამისა, კოვიდი როცა არ იყო, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქვეყანას ტოვებდა მოკლევადიანი ვიზიტით და ამის გამო ვერ აძლევდა არჩევნებში ხმას, იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე კოვიდის შემთხვევაში შეიძლება იყოს. ამიტომ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური არა მხოლოდ ქართულ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის პრაქტიკაში,“-განაცხადა კობახიძემ.
ის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გამოეხმაურა, რომლებიც შიშობენ, რომ ხელისუფლება არჩევნებს გადასატანი ყუთების ხარჯზე გააყალბებს და აღნიშნა, რომ არჩევნების დღისთვის შეიძლება იყოს 2000 გადასატანი ყუთი და ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც კი ამ ხმების გაყალბება არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.
„დღეს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გადასატანი ყუთი სჭირდება, არის 900. დავუშვათ, გაიზარდოს 2000-მდე. 2000 ხმის გაყალბებამ რა შედეგი უნდა მოგცეს? ანუ სადაც არანაირი საფუძველი არ არის, იქაც კი მუდმივად ეძებენ საბაბს, რომ რაღაც თქვან. რეალურად, გაყალბების კუთხით არანაირი ინტერესი არ არსებობს და ინტერესი რომც იყოს, ამ 2000 ადამიანს არანაირი გავლენის მოხდება არ შეუძლია მთლიანობაში არჩევნების შედეგზე,“- განაცხადა კობახიძემ.