ჯანდაცვის მინისტრი: მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი

632

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

“ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე, განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არამხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზურნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს, პირიქით, უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურებდა ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას. ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნობთ მათ ოჯახის ექიმებს და გავუზიარებთ შესაბამისად მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში მათთან შეთანხმებით ჩვენ ამას გავასაჯაროვებთ, სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის ოჯახის ექიმი”, – განაცხადა ტიკარაძემ.