რუსთავში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება “რუსთაველების” და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.
ღონისძიებას, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საზოგადოება “რუსთაველების“ დამფუძნებლები, “ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“რამდენიმე დღის წინ, რუსთავში გაიხსნა მერაბ კოსტავას მემორიალი, ხოლო დღეს – ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში. ამით, ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, ჩვენს შვილებს კი ვასწავლით, რომ უნდა ახსოვდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და მისი გმირები“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში განთავსდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
“ისტორიულად გარდამტეხ პერიოდებში, ყველა სახელმწიფოსა და ყველა ერში ჩნდებიან გამორჩეული ლიდერები, რომლებიც თავიანთ მისიას ასრულებენ ქვეყნისა და ერის წინაშე. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომელთაც შეძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო მთელი ერის გაერთიანება და უდიდესი ბრძოლისა და შრომის ფასად მიაღწიეს კიდეც ქვეყნის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს, 2020 წლის საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, რუსთავის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, საპატიო რუსთაველის წოდება მიულოცეს, სპეციალური სიგელები და მედლები გადასცეს, სხვადასხვა პროფესიის 21 ღვაწლმოსილ რუსთაველს.