ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი პრიორიტეტი აქვს. პირველი – შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის; უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი პრიორიტეტი აქვს. პირველი – შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის; უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ. ამისთვის ახალგაზრდებს პატარა ასაკიდანვე სჭირდება ხელმისაწვდომობა ყველა სიკეთეზე, პირველ რიგში კი კულტურაზე. ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მუზეუმებზე, თეატრებზე, გალერეებზე, კინოთეატრებსა და საკონცერტო სივრცეებზე ხელმისაწვდომობა და ისინი შეღავათიან ფასში ან უფასოდ ამ სიკეთეებით სარგებლობა“, – განაცხადა დავითულიანმა.
მისივე თქმით, საექსკურსიო-საექსპედიციო მოძრაობები და აქტივობები განათლების სისტემაში თავის ადგილს დაიმკვიდრებს და შეიქმნება ერთგვარი სკაუტური მოდელი, ქართული ინტერპრეტაციით.
„ერთი მხრივ, ახალგაზრდები გაიცნობენ ჩვენი ქვეყნის ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობას და ისწავლიან თავის გატანას ბუნებრივ გარემოში. ასევე ჩვენ ვგეგმავთ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის კონკურსის შექმნას, რომლის ფარგლებშიც ყველა ეს დაწესებულება აიღებს პატრონაჟს ბუნებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტულ ძეგლზე. ეს იქნება ერთგვარი შეჯიბრი – თუ ვინ უკეთ იზრუნებს ამ ძეგლებზე. ეს გააღვივებს ახალგაზრდებში ისტორიისადმი და საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს. ასევე ვგეგმავთ ახალგაზრდული ბანაკების ხელშეწყობას, გაცვლითი პროგრამების დანერგვას სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, ვინაიდან გლობალურ სამყაროში ადრეულ ეტაპზევე კომუნიკაციის გარეშე ახალგაზრდებს გაუჭირდებათ თავის დამკვიდრება მომავალში, ზრდასრულ ასაკში“, – განაცხადა დავითულიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცივილიზაციის ამ ეტაპზე რთული წარმოსადგენია ახალგაზრდები და სტუდენტები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გარეშე.
„ინოვაციის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება. 2024 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს ყველაზე სტარტაპ- და IT-მეგობრული ქვეყანა და შევიდეს მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში. ასევე აქტუალურია სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა და ამ მიმართულებითაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯები. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია ქვეყნის მასშტაბით მრავალფუნქციური ახალგაზრდული ცენტრების შექმნა. ეს გულისხმობს არაფორმალურ განათლებას, მეცნიერებას, ხელოვნებასა და სპორტს ერთ სივრცეში, ვინაიდან დღეს ეს დიდ ქალაქებში ხელმისაწვდომია, რეგიონებში კი – ნაკლებად.