რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება

446

წინა სტატია

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრთან შეხვედრისას 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს.

“კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათს ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია”, – განაცხადა ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მას არ დაუკონკრეტებია, რა შესთავაზეს რესტორნებმა მთავრობას, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია იმ რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შეუძლიათ ოპერირება ისე, რომ კორონავირუსის პრობლემა არ გართულდეს.

შოთა ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბანკებსაც. მისი თქმით, სარესტორნო სფერო ბანკების მხრიდან წნეხის ქვეშ არის და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა.

22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა თავდაპირველად ბათუმში, შემდეგ კი თბილისსა და იმერეთში შეიზღუდა. რამდენიმე დღეში კი მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვა მცხეთასაც შეხებოდა, რადგან, ამირან გამყრელიძის თქმით, “ქეიფებმა მცხეთაში გადაინაცვლა”.

ცნობისთვის, 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვის დარღვევისთვის, 12 რესტორანი დაჯარიმდა, 3 შემთხვევაში კი დარღვევის განმეორების გამო, სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო.