მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობის რეკომენდაციებს დაემორჩილონ.
„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის მხოლოდ თბილისსა და იმერეთთან დაკავშირებით მოქმედებდა, იქამდე კი იგივე გადაწყვეტილება აჭარაში დაწესდა.