274 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა

788

ნგრევად შენობებში მცხოვრები 274 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.

„ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. დამატებით, 111 ბინა, ქუთაისში მიმდინარე წლის ბოლომდე განაწილდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია დევნილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.