„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ქუთაისში მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.
როგორც ვაშაძემ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას განაცხადა, ოპოზიცია გამარჯვებისთანავე დაასრულებს „ქართული ოცნების“ „უმსგავსობას“ და ხელისუფლების პრიორიტეტად მოქალაქეების ჯანდაცვას აქცევს.
„შეკითხვა მაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ზღურბლზე – „ქართულ ოცნებას“ ქართული ოჯახების ჯანდაცვა ადარდებს? მათი ვითომ რეფორმის შედეგია, რომ ჩვენი მოქალაქეების 2/3 აფთიაქზე მუშაობს, მედიკამენტების ფასი მსოფლიო რეკორდებს ხსნის, სამკურნალო დაწესებულებები, განსაკუთრებით ის დაწესებულებები, რომლებიც ჩვენი ქალბატონების ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდნენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ. გამარჯვებისთანავე დავასრულებთ „ქართული ოცნების“ უმსგავსობას და ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტად გავხდით ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას, ქუთაისის მცხოვრებლების ჯანდაცვას და მათ კარგად ყოფნას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საწინდარი.
დაბადების დღიდან 18 წლამდე ყველა ბავშვს ყოვლისმომცველი სამედიცინო პაკეტი – ეს არის ჩემი და ჩვენი პარტიების, გაერთიანებული ოპოზიციის პარტიების პრიორიტეტი, ასე უნდა იყოს და დარწმუნებულები იყავით, ასე იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ან ერთად გადავრჩებით როგორც ერი, ან ცალ-ცალკე დავიღუპებით როგორც პარტიები“.
„ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ თავი არავინ იგრძნოს დამარცხებულად“,- განაცხადა ვაშაძემ.