გივი მიქანაძე: ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა

377

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს აგრძელებს.

მათი ცნობით, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამების მიმართულებებზე ისაუბრეს დღეს, თელავში გამართულ შეხვედრისას, სადაც საარჩევნო სიის წევრებმა საზოგადოებას პარტიის ხედვები და 2020-2024 წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, რეგიონული განვითარების მიმართულებებზე, საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა.

„განვითარებული რეგიონი ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მომდევნო წლებში ჩვენი გუნდი გააგრძელებს და გააფართოებს პროექტებს, რომლებიც რეგიონების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უზრუნველყოფს. წარმოგიდგენთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ძირითად აქტივობებს”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, ქვეყნის აღმშენებლობა უბნიდან, სოფლიდან და ქალაქიდან იწყება. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც 2020-2025 წლებზეა გათვლილი, რომლის მიხედვითაც:

,,2021 წლიდან ეტაპობრივად მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების ზრდა. ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით. ადგილობრივ თვითმმართველობებს მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის გადაეცემათ შესაბამისი ქონება. მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსულობის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7%-მდე ზრდა. დაწყებულია და 2022 წელს დასრულდება მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმის დანერგვა. მოქალაქეები უფრო მეტად იქნებიან ჩართული ჩვენი უბნის, სოფლისა და ქალაქის განვითარებაში.

ჩვენი პრიორიტეტია ყველა ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად იმისა ვინ სად ცხოვრობს. სწორედ ამიტომ რეგიონებს შორის თანაბარი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით დაწყებულია 220 მილიონიანი 3 წლიანი სპეციალური პროგრამა რომელიც ხორციელდება კახეთში, იმერეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონში მოთხოვნადი პროფესიების კვლევის საფუძველზე მოსახლეობის გადამზადება, რაც მათ დასაქმებას უზრუნველყოფს. განვავითარებთ ადგილობრივი სამრეწველო ობიექტების ინფრასტრუქტურას. ხელს შევუწყობთ ახალი საწარმოების შექმნასა და არსებულის გაფართოებას. უზრუნველვყოფთ ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტის მხარდაჭერას. მოვაწყობთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, პარტიის საარჩევნო სიის წევრმა რეგიონული განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას ყურადღება ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამაზე გაამახვილა, რომელიც თელავში, ზუგდიდსა და მესტიაში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სრულყოფას, აგრეთვე, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. მან ასევე ისაუბრა რეგიონებში ტრანსპორტის განახლებული ავტოპარკის შექმნაზე, სივრცითი დაგეგმარების ურბანულ განვითარებაზე და მაღალმთიანი დასახლებების სტატუსსა და სახელმწიფო შეღავათებზე, რითაც იქ მაცხოვრებელი მოსახლეობა სარგებლობს.

„ჩვენმა ხელისუფლებამ მთა აქცია პრიორიტეტად. დღეისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1796 დასახლებას (საქართველოს დასახლების 47%-ს), ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 336 ათას მოქალაქეზე მეტი (მოსახლეობის 9%), ანუ ჩვენი ქვეყნის ყოველი მე-11 მოქალაქე. 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 58 დასახლებას მიენიჭა და შესაბამისად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების პირის სტატუსითა და შეღავათებით სარგებლობა დამატებით 26 ათასამდე ჩვენმა მოქალაქემ შეძლო. მთის კანონის ამოქმედებიდან 2020 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მთის საწარმოს სტატუსი და შესაბამისი შეღავათებით სარგებლობს 429 საწარმო. მთაში მცხოვრები 70 წლამდე საპენსიო ასაკის პირების პენსია ამჟამად თუ შეადგენს 264 ლარს, 2024 წლისთვის ეტაპობრივად გაიზრდება და განისაზღვრება 364 ლარით, ხოლო 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პირთა პენსია ახლანდელი 300 ლარიდან 2024 წლისთვის ეტაპობრივად 400 ლარამდე გაიზრდება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.