„საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, დადგენილება, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მოწესრიგდა, ხარვეზებს შეიცავს

952

წინა სტატია

ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, 19 ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულთა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მოწესრიგდა, ხარვეზებს შეიცავს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს ნორმა ქმნის გარკვეულ საფრთხეებს „არასასურველი“ ამომრჩევლის სიის მიღმა დატოვების კუთხით.

“დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან ბინაზე გადიან მკურნალობას შეყვანილ იქნებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართავენ ცესკოს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრა გაუმართლებელია, რადგან თუკი ასეთი ამომრჩევლები ვერ შეძლებენ დროულად მიმართვას, მათ არ ექნებათ ხმის მიცემის საშუალება. მით უფრო, რომ წარმოდგენილი დადგენილებით არაგონივრულად მცირე დრო ეძლევათ ამომრჩევლებს ამ უფლებით სარგებლობისთვის. ასევე გაუგებარია, რატომ ეზღუდებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ ამორჩევლებს, რომლებსაც ბინაზე მკურნალობის ან თვითიზოლაციის აუცილებლობა 26 ოქტომბრის შემდეგ დაუდგინდებათ. მითუმეტეს, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს. ყოველივე ეს გაუმართლებელ დაბრკოლებას წარმოადგენს ასეთი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობისთვის, ასევე, ქმნის გარკვეულ საფრთხეებს „არასასურველი“ ამომრჩევლის სიის მიღმა დატოვების კუთხით. საბოლოოდ კი ზღუდავს ხმის მიცემის კონსტიტუციურ უფლებას. მიგვაჩნია, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ცესკომ ავტომატურად უნდა შეიყვანოს აღნიშნული პირები და მათ მიეცეთ უფლება, მიმართვის საფუძველზე, ამოეწერონ აღნიშნული სიიდან.

ცესკომ უარი თქვა თავდაპირველ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებდა სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნას ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებსა თუ საკარანტინე სივრცეებში, სადაც 50-ზე მეტი ამომრჩეველია. ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მასზე დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის დროს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლია პროცესს დააკვირდნენ, შეზღუდულია. უმჯობესი იქნებოდა პროცესის იმგვარად ჩატარება (სპეციალურ საარჩევნო უბნებში), რომლის დროსაც შესაბამისი სუბიექტების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა იქნებოდა.

მოცემული დადგენილებით, ერთ გადასატან საარჩევნო ყუთს შეიძლება გაყვეს მხოლოდ ერთი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი, ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და ერთი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელი. პირველ რიგში, ბუნდოვანია, დამკვირვებლებს ექნებათ თუ არა შესაძლებლობა უბანზე არსებულ ყველა გადასატან ყუთს გაყვნენ, ამიტომ დადგენილების ეს ნაწილი მეტ განმარტებას საჭიროებს. ასევე უმჯობესი იქნებოდა აღნიშნული კვოტების მინიმუმ ორამდე გაზრდა, რათა შესაბამის ჩართულ მხარეებს უკეთ შეძლებოდათ საკუთარი ფუნქციების განხორციელება.

წარმოდგენილი დადგენილებით ნათლად არ იკითხება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის წესი. კერძოდ, ბუნდოვანია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებს, საკარანტინე სივრცეებს, თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და იმ პირებს, რომლებიც გადიან ბინაზე მკურნალობას, მოემსახურებათ ერთი და იგივე გადასატანი ყუთი, თუ რამდენიმე ასეთი ყუთი. იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა ყუთი იქნება ასეთი კატეგორიის ამომრჩევლისათვის გათვალისწინებული, გაურკვეველია რა პრინციპით მოხდება სხვადასხვა სივრცეში მყოფი ამომრჩევლების დაჯგუფება. ყუთების გამიჯვნისას იზრდება შესაძლებლობა, ხმის მიცემის პროცესზე უფრო სრულყოფილი დაკვირვება აწარმოონ ორგანიზაციებმა, თუკი ეცოდინებათ, რომ ინფიცირებულ ამომრჩევლებთან არ მოუწევთ კომუნიკაცია. გარდა ამისა, შემცირდება ინფექციის გავრცელების რისკიც.

შენიშვნები არსებობს დადგენილების მიღების პროცესთან დაკავშირებითაც:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ჯერ კიდევ მაისში მოუწოდებდა როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დროულად მიეღო შესაბამისი წესები, რაც არჩევნების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარებას გახდიდა შესაძლებელს. ცესკომ დადგენილებაზე მუშაობის პროცესი არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. რაც შეეხება ჩვეულებრივ უბნებში ხმის მიცემის უსაფრთხოდ ჩატარების პროცესს, ამ საკითხზე ცესკომ დადგენილებაზე მუშაობა სექტემბერში დაიწყო.

მართალია, დადგენილების შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, მაგრამ დადგენილების პროექტი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეკრების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა და ცვლილებებზე მსჯელობის შესაძლებლობა ჩართულ მხარეებს არ ჰქონიათ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეხვედრაში მონაწილე პირებს არაადეკვატურად მცირე დრო განუსაზღვრა შენიშვნების წარმოსადგენად და დადგენილება მალევე, იმავე დღეს, მნიშვნელოვანი შენიშვნების გათვალისწინების გარეშე მიიღო.

ვფიქრობთ, ამ დადგენილების მიღების პროცესი პრობლემური იყო როგორც დროის სიმცირის, ასევე მხარეების მოსაზრებების გაზიარების კუთხით. თვით დადგენილების შინაარსი კი მნიშვნელოვნად ზღუდავს ამომრჩევლების საარჩევნო უფლებას, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან პანდემიის ფონზე ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობაზე ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა ისედაც უარი განაცხადოს. ამ ფონზე ამომრჩევლებისათვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მოსახვედრად დამატებითი შეზღუდვების შემოღება, გაუმართლებელი და მიუღებელია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.