“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებზე განახლებული ცნობები გამოაქვეყნა რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია 1 სექტემბრიდან დაიწყო. მუდმივი განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს:
20 ოქტომბერი
-
გავრცელებული ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, სოფელ ჯავშანიანში, ბოლნისის 59-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მამედ შამილოვმა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სოფლის პედაგოგს, რომელიც კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერია. ჩვენ კოორდინატორთან საუბარში შამილოვმა უარყო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
აუცილებელია, ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
19 ოქტომბერი
-
19 ოქტომბერს, ბოლნისში, ესროლეს მანქანას, რომელშიც „ძალა ერთობაშიას” კანდიდატის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები ისხდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა იარაღიდან მოხდა და ნატყვიარი ავტომანქანას „ბამპერზე“ ეტყობა. გასროლამდე მძღოლს ჯერ ავტომობილის გაჩერება მოსთხოვეს, შემდეგ კი მანქანა დააჯახეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნული ქმედებები შესაძლოა შეიცავდეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებასა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების დანაშაულის ნიშნებს. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, აუცილებელია, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების პირობებში მოხდეს პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება.
18 ოქტომბერი
-
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ Facebook გვერდზე მის საარჩევნო შტაბში უკანონოდ შეჭრის შესახებ დაწერა. დეკანოიძემ შუაღამისას ოფისში შეჭრაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა და სავარაუდო მიზეზად შტაბში მოსასმენი აპარატურის დაყენება დაასახელა.
უკანონო თვალთვალი და კერძო საუბრების უნებართვო მიყურადება დანაშაულია. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტს მიეცეს სათანადო შეფასება, მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
-
ბაჩანა შენგელიამ Facebook გვერდზე დაწერა პოსტი, სადაც ხელისუფლების მიერ სკოლის დირექტორებზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიუთითა.
მოხელის მიერ განხორციელებული იძულება ან სხვა უკანონო ქმედება შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
16 ოქტომბერი
გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს სოფელ მეჯვრისხევში თავს დაესხნენ. ევროპული საქართველოს ინფორმაციით, თავდამსხმელები „ქართული ოცნების“ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აქტივისტები იყვნენ. მათ ჯერ თარხნიშვილის და ევროპული საქართველოს საარჩევნო პლაკატებს ქართული ოცნების პლაკატები გადააკრეს, შემდეგ კი პარტიის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პროვოკაციაში თავად „ევროპულ საქართველო“ დაადანაშაულა და სამართალდამცველებს მომხდარის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა.
ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აუცილებელია, ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
15 ოქტომბერი
-
თბილისში, „თავისუფალი საქართველოს“ აფთიაქი გაიხსნა. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისელებსა და მის სტუმრებს, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.
ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით დასჯადი ქმედებაა. ამომრჩევლის მოსყიდვა ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მოსყიდვის ყველა ფაქტს მიეცეს სათანადო შეფასება, მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
13 ოქტომბერი
-
ქუთაისში „ლელოს” შტაბის წევრს, პაატა კიკაბიძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული. დაზარალებული ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ანგარიშსწორებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, რადგან თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას იმის გამო აკეთებდნენ, რომ კიკაბიძეს ავტომობილში „ლელოს” სააგიტაციო მასალა ჰქონდა.
ამ ფაქტის გამო ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
16 ოქტომბერს, ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვლიმა განაცხადა, რომ 13 ოქტომბერს პარტიის წევრის ცემის ფაქტში „პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება“. ნაცვლიშვილის განცხადებით მომხდარის დღეს მას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს, რის გამოც მან ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. პარტიაში ჩატარებული შიდა გამოძიებით კი დაადგინეს, რომ პაატა კიკაბიძის ცემა პოლიტიკური მოტივს არ უკავშირდებოდა.
აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
- გავრცელებული ინფორმაციით, ღამით, ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები და სამართალდამცავები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით, შტაბიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ.
როგორც ცნობილია გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ისჯება.
აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ასევე დადგინდეს ნაქურდალი ნივთების ადგილსამყოფელი და დაუბრუნდეს ისინი კანონიერ მფლობელს.
-
სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოდო ჭოტორლიშვილს, მისივე განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა აღარ გაუგრძელეს. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ოჯახის წევრების პოლიტიკური სიმპათიების გამო ისჯება. დოდო ჭოტორლიშვილის თქმით, მისი შვილი არცერთი პარტიის წევრი არ არის, თუმცა მხარს უჭერს და ეხმარება ოპოზიციური “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარ კანდიდატებს კახა ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელს. ის ასევე ამბობს, რომ სხვა დირექტორებს, ვინც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებულია, გაუგრძელეს ხელშეკრულებები.
-
პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებაზე საუბრობს ასევე წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, რამინ ჩიტაშვილი. მიზეზად ის ცეზარ ჩოჩელთან [„ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი] ნათესაობას და მის მხარდაჭერას ასახელებს. დოდო ჭოტორალიშვილის მსგავსად, მასაც უფლებამოსილების გასვლის შემდეგ ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელეს. ჩიტაშვილი აცხადებს, რომ ყოველი არჩევნების წინ თხოვდნენ, გაეკეთებინა სიები პარტიის [იგულისხმება „ქართული ოცნება”] მომხრეების და მოწინააღმდეგეების, რაზეც ის უარს აცხადებდა. ასევე მისი განცხადებით, მას მოქმედმა გამგებელმა, კერესელიძიემ შეუთვალა, რომ მისთვის უნდა დაეჭირა მხარი [სავარაუდოდ იგულისხმება შალვა კერესელიძე, რომელიც „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია].
ამ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
12 ოქტომბერი
-
წალენჯიხაში ადგილობრივი მედიის, „ჯვარინიუსის” ჟურნალისტმა, დიმიტრი კვარაცხელიამ, რომელიც იმავდროულად „ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ბელქანიას პრესსამსახურის უფროსია, ფეისბუქ სტატუსი გაავრცელა და მოგვიანებით, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელსაც დაუდასტურა, რომ მას დაბა ჯვარში „ქართული ოცნების” შტაბის თანამშრომელი, გულბაათ ქარდავა დაუკავშირდა და ცემით დაემუქრა.
ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია.
ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
- ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ცნობით, პარტიის ოფისს აგურები დაუშინეს.
იმ შემთხვევაში თუ ზიანი 150 ლარს აღემატება, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტიის ოფისის დაზიანების ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი ამხილეს და დაადგინეს, რომ მიყენებულმა ზარალმა 80 ლარი შეადგინა.
იმის გამო, რომ მომხდარი სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, მასალები სასამართლოში გადაიგზავნა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლად შეაფასა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
-
გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელეს სატელეფონო ჩანაწერი, სადაც ისმის, თუ როგორ აყენებს ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მერს კითხვა მის მიერ ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსვა.
გარდა იმისა, რომ ჟურნალისტის საქმიანობისათვის ხელის შეშლა უარყოფითად მოქმედებს თავისუფალ საარჩევნო გარემოზე, შესაძლოა ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია.
აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
11 ოქტომბერი
-
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრის, ლევან ქართველიშვილის განცხადებით, მას პარტიული მაისურის ტარების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.
-
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯარალში ევროპული საქართველოს წევრ ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ.
ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ანდა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აუცილებელია, ორივე საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
-
პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” აქტივისტი რაშად მუსაევი. დაბარების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეო იყო, სადაც „ქართული ოცნების” პარტიის წევრს სავალან მირზოევს მოკვლით ემუქრებოდა. ვიდეოს ავთენტურობა თავად მუსაევმა დაადასტურა და განმარტა, რომ ის ვიდეოში „პოლიტიკურ მკვლელობას” გულისხმობდა. ადვოკატის განცხადებით პროკურატურას მუსაევის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაუწყია.
რაშად მუსაევმა განაცხადა, რომ მუქარის მსხვერპლი თავად იყო. მისი თქმით, მას მირზოევის მეგობარი დაუკავშირდა და უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ მისთვის ნარკოტიკული საშუალებების „ჩადებას” აპირებდნენ. ვიდეო თავდაცვის მიზნით სწორედ ამიტომ ჩაწერა და მირზოევისათვის არაფრის დაშავებას არ აპირებდა.
აუცილებელია, სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. დასადგენია, ვინ დაემუქრა მუსაევს ნარკოტიკების „ჩადებით”. გარდა ამისა, იმის გასარკვევად, იკვეთება თუ არა რაშად მუსაევის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, მნიშვნელოვანია, ობიექტურად შეფასდეს საქმის გარემოებები და გადაწყვეტილებაზე პირთა პოლიტიკურმა კუთვნილებამ გავლენა არ იქონიოს.
-
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სექტემბერში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მარტვილის რაიონის სოფლებში: მეურნეობა, გაჭედილი და გურძევი ეკლესიების მშენებლობა/გამაგრებისთვის სამშენებლო მასალები დაარიგა. ადგილობრივების ინფორმაციით მოწერელიამ ამისთვის საკუთარი ხარჯები გაიღო.
-
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ ეზოში, მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელმა, პურმარილი მიიტანა და უთხრა, რომ ეს „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა „იკისრეს“. მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს და მაჟორიტარ კანდიდატს პურმარილის გაშლა თავად ადგილობრივებმა სთხოვეს. კოპაძე და ობოლაშვილი კი ამ ფაქტს უარყოფენ.
ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით დასჯადი ქმედებაა. ამომრჩევლის მოსყიდვა ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მოსყიდვის ყველა ფაქტს მიეცეს სათანადო შეფასება, მოხდეს სამართლებრივი რეაგირება და ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
8 ოქტომბერი
-
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა „სტრატეგია აღმაშენებელი”, კარვების უნებართვო განთავსების გამო, კვლავ დააჯარიმეს. ამ დროისათვის პარტიას ამავე საფუძვლით სულ 115 000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა აქვს გამოწერილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მერიის ამ ქმედებას შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვად და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლად აფასებს.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი, შეწყვიტოს პარტია „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“ დაჯარიმება და გააუქმოს კანონდარღვევით შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.
7 ოქტომბერი
-
გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ ბრალად (სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი).
გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება. იგი შეიძლება შეფასდეს წინასაარჩევნოდ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებისთვის, მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის იარაღად.
5 ოქტომბერი
-
თბილისის მერიის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ოთხი აქტივისტი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძვლით დააკავეს, პარტია კი კარვების უნებართვო განთავსების გამო კვლავ დააჯარიმეს. აქცია მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმების გაპროტესტებასა და მათი ჩამოწერის მოთხოვნას ეხებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლა, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების საკითხზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კარვების უნებართვო განთავსების მიზეზით „სტრატეგია აღმაშენებელს” უკვე 70 000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა აქვს გამოწერილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით მერიის ეს ქმედება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლაა.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მოთხოვნები, შეწყვიტოს პარტია „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის“ დაჯარიმება და გააუქმოს კანონდარღვევით შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.
1 ოქტომბერი
-
უცნობმა პირებმა „გაერთიანებული ოპოზიციის“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის სარეკლამო მიკროავტობუსი დააზიანეს. მას სავარაუდოდ ქვები ესროლეს. დაზიანდა სხვა ავტომობილებიც და ჩაიმსხვრა ერთერთი სააფთიაქო ქსელის შუშებიც. ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარში „ქართული ოცნების“ მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ.
სხვისი ნივთის დაზიანება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
აუცილებელია, საქმეზე ჩატარდეს სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.