“ქართული ოცნების’’ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი თვითიზოლაციაშია. მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, გულო გეგეჭკორს, კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მთელი შტაბი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
“დაახლოებით 7-8 კაცი ვართ თვითიზოლაციაში. არანაირი სიმპტომი არ აღგვენიშნება, მაგრამ მაინც ვრჩებით სახლში, მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ამ ეტაპზე წინასაარჩევნო შეხვედრები შეჩერებული გვაქვს,” – ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
“მე-7 დღეა, რაც კოვიდ 19 დამიდასტურდა. თავს სუსტად ვგრძნობდი, სიცხე და წნევა მქონდა. ტექსტი გავიკეთე და ვირუსი დამიდასტურდა, არ ვიცი საიდან დავინფიცირდი, არცერთ ინფიცირებულთან შეხება არ მქონია. ყველა ვისაც, ჩემთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაშია,’’ – ამბობს იოსებ ხახალეიშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, გულო გეგეჭკორი.
იოსებ ხახალეიშვილი და მისი სამსახური იზოლაციაში 26 ოქტომბრამდე იქნებიან.