პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ქართული საზოგადოების მხრიდან კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ არსებობს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, კოალიციური მთავრობის შექმნაზე თეორიული საუბარი რომც იყოს, პრაქტიკულად გამორიცხულია რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან კოალიციის შექმნა.
„დღეს საქართველოში საზოგადოების დაკვეთა და საზოგადოების მოთხოვნა არ არის კოალიციური მმართველობა. შესაბამისად, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხელისუფლებას მანდატს აძლევს სწორედ ჩვენი საზოგადოება. ვისთან უნდა შევქმნათ კოალიცია, ანტიდასავლურ ჯგუფებთან თუ პრორუსულ ჯგუფებთან? რომც იყოს ამისი თეორიული განხილვის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, გამორიცხულია ვინმესთან კოალიციაზე საუბარი, მითუმეტეს, როდესაც ამისი არანაირი საფუძველი არ არსებობს. არანაირი დამოკიდებულება და მოთხოვნა საზოგადოებაში არ არის. რა თქმა უნდა, გამოვლენ ოპონენტები და იტყვიან, რომ კოალიციური მთავრობა არის საჭირო, თუმცა გავიდნენ ქუჩაში, გაესაუბრონ ხალხს და მიხვდებიან, რომ არანაირი დაკვეთა კოალიციური მთავრობის შექმნაზე არ არის საზოგადოების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი არაფრისმომცემია,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.