ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

57

ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.

„ამჯერად, ტენდერი გამოცხადდა ქალაქ გურჯაანის წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. ამ ეტაპზე ქალქ გურჯაანის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს. თუმცა, ზოგიერთ უბანზე არსებული, მოძველებული მილების გამო ხშირია დაზიანებები, რაც მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვას განაპირობებს.

დაგეგმილი სამუშაოების შედეგად ამორტიზებული მონაკვეთი ახალი მილებით ჩანაცვლდება და პრობლემაც აღმოიფხვრება. ქალაქში არსებული წყალარინების სისტემა რეაბილიტაციას საჭიროებს, ზოგიერთ დასახლებაში კი კანალიზაციის ქსელი არ არსებობს.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით მოეწყობა წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც 8 000-ზე მეტი ადგილობრივი კანალიზაციის გამართული ქსელით ისარგებლებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.