გახარიას თქმით, დაჯარიმდებიან ბარები, რომლებმაც სივრცე “თითქოს პოლიტიკურ პროცესებს დაუთმეს”

372

წინა სტატია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ დაჯარიმდება ყველა იმ ბარს, რომელმაც თავისი სივრცე “თითქოს პოლიტიკურ პროცესს დაუთმო” და “ღამის კლუბებსა და რესტორნებში იმ ადამიანების შეტყუება სცადა, რომლებიც რისკებს ბოლომდე ვერ აცნობიერებენ”.

გახარიას თქმით, ფაქტების განმეორების შემთხვევაში მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელ ბარს და პარტიას გულისხმობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საბაბით ბარებისა და რესტორნების 22:00 საათიდან დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, “გირჩმა” რამდენიმე ბარი პარტიის შტაბად გადააქცია. პოლიტიკურ პარტიებს და აქტივობებს შეზღუდვები არ ეხება.

გახარია ამბობს, რომ პასუხისმგებლობა კერძო კომპანიებს ეკისრებათ და არა პარტიას.

“ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ. რესურსები შევაფასოთ და ერთად გავიაროთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მომენტია: რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რამდენიმე კომპანიამ სცადა, რაღაც შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით. ყველა იქნება დაჯარიმებული. თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა კომერციულ კომპანიებზე. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო. ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. და ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება კლუბებსა და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ეს არის კონკრეტული კომპანიების პასყუხისმგებლობა და მათ მოეთხოვებათ პასუხი, უმკაცრესი”, – თქვა გახარიამ ბრიფინგზე.

ბარებში, რომლებიც “გირჩის” შტაბებად გადაკეთდა, პოლიცია რამდენჯერმე მივიდა და სცადა, 22:00 საათის შემდგომ იქ ხალხის ყოფნის მიზეზი გაერკვია. დღეს, 19 ოქტომბერსაც, ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ბარების მეპატრონეები უკვე დაიბარეს.