ბათუმში ჩატარებული აქციის კრიტიკას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ისნის მჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს პასუხობს და მოუწოდებს, “საკუთარი ღრეობები მოიკითხონ”. ამის შესახებ მან TV პირველს განუცხადა.
“საკუთარი ქორწილები, საკუთარი დაბადების დღეები, საკუთარი შვილის ნათლობები, საკუთარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში “ზედახორა” და დენდროლოგიურ პარკი, საკუთარი ჩუმად ჩაკეტილი, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ღრეობები მოიკითხონ”, — თქვა დეკანოიძემ.
მისი თქმით, მოქალაქეებისთვის ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებაა მნიშვნელოვანი და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან და გაითვალისწინონ უსაფრთხოების ზომები.
ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს, ბათუმში “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ძალა ერთობაშიასთან” ერთად ხალხმრავალი აქცია გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც.
“ნაციონალური მოძრაობის” ამ აქციას “ქართული ოცნების” ლიდერები მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურნენ და ოპოზიცია ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.
წინასაარჩევნო პერიოდში ხალხმრავალ შეხვედრებსა და ღონისძიებებს “ქართული ოცნებაც” მართავდა. ოპონენტების პასუხად ისინი აცხადებდნენ, რომ იცავენ რეკომენდაციებს და დისტანციას.