ხახალეიშვილი: მომავალი წლიდან საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების პროექტის განხორციელება იწყება და ქუთაისში მსგავსი პრობლემა აღარ იარსებებს

476

“ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მერობის კანდიდატი ამჯერად საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის, კერძოდ ძველი უბნის ჭახათის მოსახლეობას შეხვდა, რომელიც უმეტესად მრავალშვილიანი ოჯახებისგან შედგება.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კანდიდატის პროგრამას გაცნობის შემდეგ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ძირითადად სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხებია.

„სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ის საკითხებია, სადაც ხდება ჩვენი და ქუთაისის მოსახლეობის შეხედულებათა თანხვედრა. მართალია სოციალური სფერო ზოგჯერ უფრო გლობალურ პრობლემას მოიცავს და ერთი ქალაქის მასშტაბებს სცდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი ეს პრობლემა მოგვარდეს ჩვენ ქალაქში ბიზნესის განვითარებითა და ბევრი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარებადია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მათ აღმოფხვრას და წლების განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.

სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრე საარჩევნო რეჟიმის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრებისას საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძველი უბნის ჭახათის მოსახლეობას, რომლებიც უმეტესად მრავალშვილიანი ოჯახებისგან შედგება. მათთვის, სოციალურ საკითხებთან ერთად მეტად მნიშვნელოვანი საკანალიზაციო სისტემა. ვინაიდან ეს გახლავთ თითქმის ყველა ძველი ქალაქის პრობლემა, რადგან ქალაქის მხოლოდ 30%-შია მოწესრიგებული ეს საკითხი. ავუხსენი ჭახათის მცხოვრებლებს, რომ მომავალი წლიდან მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების 5-წლიანი პროექტის განხორციელება იწყება და ქუთაისში მსგავსი პრობლემა აღარ იარსებებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.