“ევროპული საქართველო” ირაკლი ჩიქოვანს საარჩევნო კამპანიაში მასწავლებლების ჩართვაში ადანაშაულებს

695

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ჩიქოვანის შტაბს საარჩევნო კამპანიაში პედაგოგების ჩართვაში ადანაშაულებს და აღნიშნულის შესახებ სამართლებრივ დავას აპირებს. ამის შესახებ პარტიიდან საოლქოს წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა. ინფორმაცას რადიო ათინათი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, საკითხზე მათ მიერ დაწერილი საჩივარი საოლქომ არ დააკმაყოფილა. ამასთან, დონაძემ ჩიქოვანის განმარტებითი ბარათიც წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგიტაციო ვიდეოები აგვისტოში, არასაარჩევნო პერიოდში, არასამუშაო დროსაა ჩაწერილი და კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

“ის, რასაც ჩიქოვანი ამბობს, არასწორია. როდესაც არ უნდა იყოს ჩაწერილი ვიდეო, ის კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე ტრიალებს მუდმივად და რაც მთავარია, ვიდეოში აღნიშნულია მხარდამჭერების სტატუსი, ტიტრში მითითებულია, რომ ჩაწერილი პირები, მაგალითად, არიან პედაგოგები. ჩვენ გავასაჩივრებთ ამას ცესკოში და შემდეგ მზად ვართ, ვიდაოთ, სასამართლოშიც”, – თქვა დონაძემ.

ბრიფინგზე იმყოფებოდა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც. მისი თქმით, უკვე დაწყებულია წინასაარჩევნოდ დირექტორების გათავისუფლების პრაქტიკა და ხელისუფლებას მოუწოდა, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

“ეს არის მავნე პრაქტიკა, ისინი ასე ღიად და აშკარად არღვევენ კანონს საარჩევნო კოდექსსა და ზოგადი განათლების შესახებ კანონს. მათ იციან, რომ სწორედ ამ ქალაქში ორი წლის წინ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა პოლიტიკური მიზნებისთვის მისმა გამოყენებამ. ნუ რთავენ მათ ამ პროცესში. გვაქვს იდეა, რომ მორატორიუმი გამოცხადდეს დირექტორების გათავისუფლებაზე საარჩევნო პერიოდში”, – აღნიშნა შენგელიამ.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქოში საჩივარი აღნიშნულ თემაზე რამდენიმე კვირის წინ შეიტანეს.