“ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრები “ქართული ოცნებიდან“, პარალელურად დასაქმებული არიან მერიის ა(ა)იპ-ებში და ანაზღაურებას იღებენ.
როგორც “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ ჯალაღონიას შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონით აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
წითლიძემ ჟურნალისტებს ფოტოები წარუგინა და რამდენიმე მათგანის ვინაობა დაასახელა. ესენი არიან: დათო ჭაფანძე, ზაზა ანდრიაძე, ტარიელ გაბულდანი, ზვიად ქირია, ზაზა ხუბუა, ჯანსუღ ჯაბუა, რამაზ ხუბუა, მამუკა თოლორაია, ჯონი ზარანდია და გოგიტა ზარქუა.
გარდა ამისა, წითლიძის თქმით, საკრებულოს წევრების პარალელურად დასაქმებული არიან მათი ოჯახის წევრებიც.
“ქართული ოცნება“ კანონდარღვევით დასაქმებულ პირებს, საარჩევნოდ სოფლის მცხოვრებლების დასაშინებლად და რიგ შემთხვევაში 20 ლარის სანაცვლოდ ამომრჩეველთა მოსასყიდად იყენებს”, – აღნიშნა მან და პროკურატურას მიმართა, ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.
“მე მინდა მივმართო იმ ამომრჩევლებს, რომ ეს ადამიანები თქვენ გპირდებიან 20 ლარს და თავად იღებენ ასობით ლარს სრულიად უკანონოდ ზუგდიდის ბიუჯეტიდან. მაგალითად, დათო ჭაფანძე, რომელიც არის განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი და მონაწილეობდა იღებდა ჩვენს დარბევაში. ეს ადამიანი გაფორმებულია კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ში, როგორც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ოპერატორი და იღებს ხელფასს 700 ლარის ოდენობით. ჩვენ გვყავს საკრებულოს წევრები, რომლებიც კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ში გაფორმებული არიან დამლაგებლად, მოლარე-ოპერატორად. მოვუწოდებ ზუგდიდის მერიას, რომლებიც ყოველთვის უარყოფენ ამ ინფორმაციას, თუ ჩვენ მივიღეთ არასწორი ინფორმაცია მათივე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბიდან და ჩვენ ვასაჯაროვებთ არასწორ ინფორმაციას, გაასაჯაროონ ა(ა)იპ-ის ყველა თანამშრომლის სახელი და გვარი“, – განაცახადა ანა წითლიძემ.
ოპოზიციური პარტიის ბრიფინგს არც მერიასა და არც საკრებულოში ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.