სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის ახლობლები ხელვაჩაურის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ

774

შემდეგი სტატია

ხელვაჩაურში სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის ნათესავები ხელვაჩაურის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც შეკრებილები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ისინი ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძისა და გეოლოგიური სამსახურის თანამშრომლების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაზარალებულმა ოჯახმა ხელვაჩაურის მერიას წინათ არაერთხელ მიმართა, თუმცა, უშედეგოდ. აქციის მონაწილეების თქმით, ოჯახი დახმარებას ითხოვდა, ხელვაჩაურის მერიამ კი მათ ყურადღება არ მიაქცია.

გარდაცვლილის დედამ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სოფელში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, არც სამძიმარზე და არც მომდევნო დღეებში  მერიის წარმომადგენლები და მათ შორის ჯუმბერ ვარდმანიძეც ოჯახთან არ ყოფილა.

სოფელ ჯოჭოს მოსახლეობა დილიდა ხელვაჩაურის მერიის შენობის წინაა შეკრებილი. ისინი გზის გადაკეტვას აანონსებენ და ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას ითხოვენ.

“ხელვაჩაურის მერის გათავისუფლებას ვითხოვთ. 8 წლის განმავლობაში ერთხელ მოვიდნენ გეოლოგები და გვითხრეს საშიში არ არის აქ ცხოვრებაო. არადა, ცოცხლად დაიმარხა ოჯახი“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ხელვაჩაურის მერიაში საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. განმარტებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მეწყერი სოფელში 1 ოქტომბერს, ღამით ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.